02 ივლისი 2024,   11:04
ვრცლად
"კუდიანებზე ტოტალური ნადირობა," - დონალდ ტრამპმა ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება მწვავედ გააკრიტიკა 

დონალდ ტრამპმა სპეციალური პროკურორის რობერტ მალერის გამოძიებაზე თავდასხმები განაახლა. რობერტ მალერი ამერიკულ არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმეზე მუშაობს. 

Twitter-ის ქსელში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ამერიკის არჩევნებში შესაძლო ჩარევის საქმეზე გამოძიება კიდევ ერთხელ მწვავედ გააკრიტიკა და ალქაჯებზე უპრეცედენტო ნადირობა უწოდა.

„მალერის გამოძიების შიდა სამუშაო ტოტალური ქაოსია. მათ ვერ იპოვნეს ვერანაირი შეთქმულება და სრულიად შეიშალნენ. სასურველი პასუხების მისაღებად ხალხს უკივიან, უყვირიან და საზარლად აშინებენ. ისინი წარმოადგენენ ჩვენი ქვეყნის სირცხვილს და არ ადარდებთ, რამდენის ცხოვრებას დაანგრევენ. ეს არის გაბრაზებული ხალხი, მათ შორის ბობ მალერი, რომელიც ობამასთან 8 წელი მუშაობდა. არ უყურებენ მეორე მხარის ცუდ საქმეებს და კრიმინალს. კუდიანებზე ტოტალური ნადირობაა, რომლის მსგავსი ამერიკის ისტორიაში არ ყოფილა,“ - წერია დონალდ ტრამპის Twitter-ის ქსელში.  

ვაშინგტონში, საჯარო მოხსენების დროს, დღეს მალერის საგამოძიებო ჯგუფი სენატის დაზვერვის კომიტეტის დემოკრატმა ხელმძღვანელმა, მარკ უორნერმა დაიცვა.

„წელიწადნახევარში გამოძიებას უკვე აქვს დანაშაულის 6 აღიარება და 30-ზე მეტი ბრალი წარდგენილი. ეს მნიშვნელოვანი საქმეა და იმედი მაქვს, მალე მალერი უფრო მეტ მასალას წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, დარწმუნებულები ვიყოთ, რომ დავიცავთ მალერის გამოძიების ხელშეუხებლობას და მივცემთ საქმის ბოლომდე მიყვანის საშუალებას,“ - განაცხადა მარკ უორნერმა.

გარდა ამისა, ახალ კონგრესში შესაძლოა, საკამათო გახდეს ტრამპის განზრახვაც, საშუალო და მოკლე რადიუსში მოქმედი რაკეტების ლიკვიდაციის შეთანხმების დატოვებაზე, თუ ის ამ საკითხის ბოლომდე მიყვანას შეეცდება. 

„ტრამპის განცხადების ყველაზე მეტად შემაშფოთებელი ნაწილი ის იყო, რომ კონსულტაციები მოკავშირეებთან არ ჰქონია. ეს ხელშეკრულება, რაკეტების რადიუსიდან გამომდინარე, მათთვის უფრო მნიშვნელოვანია. თუკი ვაპირებთ რამე მოლაპარაკებას ხელშეკრულებიდან გამოსვლაზე, ეს არ შეიძლება გაკეთდეს ევროპელ მოკავშირეებთან საუბრის გარეშე,“ - განაცხადა სენატორმა კონექტიკუტის შტატიდან, კრის მერფმა.

დღის ამბები