ზემო ფონიჭალაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაზარალებული მოსახლეობა ამ დრომდე საკუთარ ბინებში დაბრუნებას ელის.
ადგილობრივების ნაწილი სხვადასხვა სასტუმროში არიან გადანაწილებულები, ნაწილი კი ახლობლებთან ათევს ღამეს.
მოსახლეობას არ ეძლევა ბინებში შესვლის უფლება, რადგან ჯერ კორპუსს ამოწმებენ ექსპერტები, რომლებმაც უნდა დაადგინონ, რამდენად უსაფრთხოა შენობა საცხოვრებლად.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათ ზარალის ანაზღაურებას დაჰპირდნენ.
„ძალიან დანგრეულია სამი სართული, მთელი კარები გამოგლეჯილი და მოპირდაპირე ბინის კარებიც. კიბე დანგრეული არ არის, მაგრამ რაღაც-რაღაცები არის მოწყვეტილი... ჩემი მეზობლები დააბინავეს სასტუმროში, დამირეკეს მეზობლებმა, რომ გვითხრეს, გამგეობიდან მოვალთ 2 საათზე და წაგიყვანთ. ალბათ, აქ რომ შევიკრიბოთ, რაღაც ხომ გვაინტერესებს ჩვენ. გუშინაც ამბობდნენ, რომ ბინის მდგრადობას, ექსპერტები მუშაობენ და შეამოწმებენ და ალბათ, ამის გამო, რომ რაღაც ხომ გვაინტერესებს,“ - ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
ზემო ფონიჭალაში აფეთქება გუშინ დილით მოხდა, რის შემდეგადაც ორი ადამიანი გარდაიცვალა, რამდენიმე კი დაშავდა. პირველადი ინფორმაციით, აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია.
ბუნებრივი აირის დაგროვება, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, სააბაზანო ოთახში მოხდა, სადაც წყლის გამათბობელი იყო დაზიანებული.