გუდაური-კობის მონაკვეთზე ჩარჩენილი მგზავრები დახმარებას ითხოვენ. დიდთოვლობის გამო, ამ მონაკვეთზე მოძრაობა უკვე მეორე დღეა, პარალიზებულია.
მგზავრების ნაწილმა, რომელთა შორის ტურისტები და მცირეწლოვანი ბავშვები არიან, ღამე გაჩერებულ მანქანებში, ნაწილმა კი საკუთარი სახსრებით მოძებნილ ახლო მდებარე სასტუმროში გაათენა.
„არავინ პასუხს არ იძლევა, როდის გაიხსნება გზა, როდის გვექნება საშუალება, დავბრუნდეთ ჩვენს ოჯახებში. კობის გამშვებ პუნქტზე იმყოფება უამრავი ადამიანი, რომლებიც არიან რუსეთიდან მომავალი ტურისტები, მგზავრები, რომლებიც მიკროავტობუსებით, ტაქსებით მოდიოდნენ, არიან სიცივეშია, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ დარჩეს ამ სასტუმროებში და იკვებონ და არის გაურკვეველი სიტუაცია. პასუხს ველოდებით მესამე დღეა და არავინ პასუხს არ იძლევა, როდის იქნება საშველი,“ - ამბობს ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც გუდაური-კობის მონაკვეთზე იმყოფება.
მგზავრები ადგილობრივი ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ, თუმცა, მათ დასახმარებლად ამ დრომდე არავინ მისულა.
მათი განცხადებით, დღეს დილიდან გუდაურში გამოიდარა და გზის გაწმენდა უკვე შესაძლებელია, თუმცა, ტექნიკა ჯერ ისევ არ ჩანს.