"ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს" -ასე ეხმაურება კახა კალაძე გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის მოწოდებას მოვალეთა ე.წ. შავი სიაში მყოფი მოქალაქეებისთვის ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით. თბილისის მერი ამბობს, რომ გრიგოლ ვაშაძემ ამ განცხადებით მოაწყო კლოუნადა, რადგან "ქართული ოცნება" ისედაც აპირებს ჭარბვალიანობის პრობლემის გადაჭრას. კახა კალაძეს კონკრეტულ ნაბიჯებზე არ უსაუბრია თუმცა განაცხადა, რომ ხვალ მმართველი გუნდის გეგმა საბანკო ვალების მოგვარებასთან დაკავშირებით ცნობილი გახდება.
„როგორც ჩანს „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი ლიდერი შოკში ჩააგდო ინფორმაციამ იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობა ხვალ აცხადებს მასშტაბურ და პრინციპულ გადაწყვეტილებას. რაც იქნება უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჭარბვალიანობის დაძლევის და ე.წ. შავი სიის პრობლემის მოგვარების გზაზე. ამ შოკის გამომხატველი იყო ის კლოუნადა, რომელიც რამდენიმე საათის წინ პირდაპირ ეთერში მოაწყო გრიგოლ ვაშაძემ. მეგობრებო, "ქართული ოცნება" ასრულებს დაპირებას რომელზეც პარტიის თავმჯდომარე პოლიტიკაში დაბრუნებისას საუბრობდა და რომლის განხორციელება პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჯერ კიდევ ფინანსთა მინისტრობის დროს დაიწყო. მინდა მივმართო ნაციონალური მოძრაობის ლიდერებს: დამშვიდდით, ნუ კანკალებთ, შეწყვიტეთ პანიკა და შეეგუეთ, რომ ხელისუფლება თქვენგან მემკვიდრეობით მიღებულ პრობლემებს აგვარებს და მოაგვარებს მომავალში. დაელოდეთ ხვალ პრემიერი გამოაცხადებს ამ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას ჭარბვალიანობის დაძლევის გზაზე,"-განაცხადა კახა კალაძემ.