საქართველოს და უკრაინის ომის გმირი, გია ცერცვაძე გარდაიცვალა. თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოში ექიმები ქართველი გმირის გადასარჩენად იბრძოდნენ. გია ცერცვაძე ლიმფომის მძიმე ფორმის დიაგნოზით ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა კიევში. ისრაელში, ამერიკაში ან ევროპაში მკურნალობის გაგრძელება მძიმე სენის დასამარცხებლად ერთადერთი შანსი იყო, მაგრამ რუსეთს მიერ ინტერპოლით ძებნილი ქართველი გმირი საზღვარს ვერ გადაკვეთდა.
გია ცერცვაძის ისტორია აფხაზეთიდან იწყება. მისი ყველა ბრძოლა და გმირობა სოხუმს ეძღვნებოდა.
ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, გია ცერცვაძე ყველა ბრძოლაში მონაწილეობდა. 2007 წლიდან ის შიდა ქართლში შსს-ს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსის მოადგილე იყო. მის თვალწინ დაიწყო ყველა მოვლენა, რომელიც რუსეთ-საქართველოს აგვისტოს 5 დღიან ომს უკავშირდება. ასე რომ ის არამხოლოდ ომის გმირი, არამედ ოქროს მოწმეც იყო. სწორედ ამიტომ, გია ცერცვაძის თავიდან მოშორება რუსეთის ნომერ პირველ ამოცანად იქცა.
ვიცეპოლკოვნიკი გია ცერცვაძე, უმაღლესი კვალიფიკაციის სამხედრო პირი და სპეცდანიშნულების გამოცდილი თანამშრომელი 2013 წელს ირაკლი ღარიბაშვილმა სამსახურიდან დაითხოვა, გათავისუფლების მიზეზები კი არ აუხსნეს.
თავის პირად განცდებზე, 2 წლის წინ „რუსთავი 2“-ს და ჟურნალისტ ნოდარ მელაძეს ესაუბრა. ჟურნალისტმა ქართველი გმირი მას შემდეგ გაიცნო, რაც ის საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთის ციხისთვის გაწირა. მაშინ გია ცერცვაძის გადარჩენა, სწორედ „რუსთავი 2“-მა მოახერხა.
2017 წლის იანვარში მთელმა მსოფლიომ გაიგო, როგორ გაუშვეს საქართველოს საზღვარზე რუსეთის მიერ ინტერპოლის ცირკულარით ძებნილი ქართველი სამხედრო, ისე რომ არ გააფრთხილეს, რომ მას რუსეთი ეძებდა. ცერცვაძე უკრაინაში დააკავეს. დღემდე არავინ იცის, როგორ აღმოჩნდა ქართველო სამხედროს პერსონალური მონაცემები რუსეთის ხელში.
ოჯახის მიმართვის მიუხედავად, საქართველოს ხელისუფლებამ ქართველი სამხედრო არ დაიცვა, ამის შემდეგ ოჯახმა დასახმარებლად „რუსთავი2“-ს მიმართა.