17 ნოემბერი 2024,   07:29
ვრცლად
TBC ბანკიდან 4 მილიონის გატანის ამბავი, სადაც ივანიშვილს ახსენებენ - "პოსტსკრიპტუმს" მორიგი ფარული ვიდეომასალა მიაწოდეს

ახალი ფარული ვიდეომასალა, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი და "ომეგას" თანამშრომლები მონაწილეობენ. მეხსიერების ბარათში, რომელიც „პოსტსკრიპტუმს“ მიაწოდეს, სკანდალურად გახმაურებული „ომეგა ჯგუფის“ საქმის მორიგი ვიზუალური მტკიცებულებებია. ექვს ვიდეო ფაილში იმ საუბრის ცალკეული ეპიზოდებია აღბეჭდილი, რომელიც სპორტის ყოფილ მინისტრს ლევან ყიფიანსა და „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლებს ნიკოლოზ ასანიძესა და გიორგი ქურდაძეს შორის გაიმართა. 

"პოსტსკრიპტუმისთვის" მოწოდებული კიდევ ოთხი ვიდეო ფაილისგან განსხვავებით, ამ კონკრეტული ეპიზოდის აუდიო ვერსია, უკვე გასაჯაროებული იყო. მიუხედავად იმისა, რომ "ომეგა ჯგუფში" შემავალი კომპანია "ოჯითის" დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე ლევან ყიფიანთან შემდგარ, მსგავსი შინაარსის საუბარს ადასტურებდა, აუდიო ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ მისი ავთენტურობის მიმართ „ქართული ოცნების“ დეპუტაცია, სკეპტიკურად იყო განწყობილი.

მომდევნო ვიდეოფაილის ქრონომეტრაჟი 17 წამია. ჩანაწერში ლევან ყიფიანი ბიძინა ივანიშვილს სახელს ახსენებს და „ომეგა ჯგუფის“ წევრებს ესაუბრება ბიჭებზე, რომლებმაც TBC ბანკიდან ოთხი მილიონი ლარის გატანის ოპერაციაში მონაწილეობა მიიღეს, ხარჯი გასწიეს და ამიტომ უნდა დასაჩუქრდნენ.

მეხუთე ეპიზოდშიც TBC ბანკიდან ფულის გატანის დეტალებზეა საუბარი. ლევან ყიფიანი იხსენებს, როგორ ურეკავდა ჯერ გიორგი გახარიას, მოგვიანებით კი ოთარ ფარცხალაძეს, რათა მათ ბანკის დირექტორებზე ზეწოლა განეხორციელებინათ და ოთხ მილიონიანი ოპერაცია, რომელიც „ომეგა ჯგუფის“ განმარტებით, ბევრი მიზეზის გამო უკანონო იყო, წარმატებით დასრულებულიყო. 

უკანასკნელ ვიდეო ფაილში, ფარცხალაძესათან ჩხუბის დაწყების მიზეზზეა საუბარი. 

ამ დრომდე ბუნდოვანია, გეგმავს თუ არა პროკურატურა ეფექტური გამოძიების დაწყებას ყოფილი მაღალი თანამდებობის იმ პირების მიმართ, რომლებიც "ომეგა ჯგუფის" საქმეში ფიგურირებენ და რომელთა ქმედებებშიც კრიმინალის ნიშნები აშკარაა. 

დღის ამბები