გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამომრჩეველთან კარდაკარ შეხვედრებს განაგრძობს.
გრიგოლ ვაშაძე გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად, ამჯერად ვარკეთილში იმყოფებოდა. საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, კოალიციური მთავრობის პრიორიტეტი მოსახლეობის სოციალური პრობლემების მოგვარება იქნება, ასევე პენსია გაიზრდება 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარამდე, პოლიციელების ხელფასი კი 2000 ლარს გაუტოლდება.
ვაშაძის თქმით, უსამართლო კრედიტების გადახდაზე მორატორიუმი გამოცხადდება.
„გაერთიანებულმა ოპოზიციამ 28 უბანი მოიგო ვარკეთილში. ყველა ეს უბანი მოვიგეთ იმიტომ, რომ ადამიანებს დღეს აინტერესებს და იმედი აქვთ ერთადერთის - ცვლილებების, გინდა იყოს ეს ეკონომიკური, გინდა იყოს პოლიტიკური. იპოთეკის შემცირება, ამ არასამართლიანი კრედიტების უღელის მოხსნა, პოლტიკური რეფორმების, რომელიც ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას აღარ დაუშვებს საქართველოში არასოდეს. ამიტომ მოვიგეთ ეს უბნები და მოვიგებთ მეორე ტურში, იმიტომ, რომ ამ ხალხს მართლა სჯერა ჩვენი და იციან, რომ ისევე გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც ვპირდებით“- აცხადებს ვაშაძე
ვარკეთილის მოსახლეობა იმედს გამოთქვამს, რომ გრიგოლ ვაშაძის გაპრეზიდენტების შემთხვევაში საქმე ხალხის კეთილდღეობისათვის გაკეთდება.