ეს არის ტრიუკი, არაფერი ინიციატივა ეს არ არის - ასეთია გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის შეფასება პრემიერის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მოვალეთა სიაში მყოფი გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერას გულისხმობს.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ბანკები წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ უიმედო ვალებს და ამაში ხელისუფლება არ მონაწილეობს.
„არაფერი ინიციატივა ეს არ არის. ეს არის წაგების შიშით მოტივირებული, სასოწარკვეთილების ჟესტი იმიტომ, რომ ჩვენ ვთავაზობთ საბანკო სისტემის ძირეულ რეფორმას და ე.წ. ქართული ოცნების ხელისუფლება კიდევ ცდილობს, ის რაც ხდება რუტინულად ყოველი წლის ბოლოს გაასაღოს ინიციატივად. ბანკები ყოველი წლის ბოლოს ისედაც ჩამოწერენ ხოლმე უიმედო სესხებს. აი შარშან ჩამოწერეს 75 მილიონზე მეტი. არავითარი მილიარდნახევარი არ იქნება დარწმუნებული იყავით, ეს არის ტრიუკი, სასოწარკვეთილება და სხვა არაფერი,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ საბანკო სისტემის რეფორმასთან და ვალებთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად გაერთიანებული ოპოზიციის სამოქმედო გეგმა გუშინ გაახმოვანა. ინიციატივა მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფი მოქალაქეების ვალების სახელმწიფოსთვის გადაბარებას გულისხმობს.
დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ვალების ჩამოწერის გეგმაზე ისაუბრა. მამუკა ბახტაძის თქმით, შავ სიაში მოხვედრილი მოსახლეობის ვალების დასაფარად 1.5 მილიარდ ლარს ბიძინა ივანიშვილის „ფონდი ქართუ“ გაიღებს. ამგვარად სასესხო ვალდებულება უნულდება 600 ათასზე მეტ ადამიანს.