სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, საპატრიარქოს მიერ, დედა სიდონიასთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება.
საპატრიარქომ განცხადებაში ხაზი გაუსვა იმასაც, რომ დიდი სქემა მონაზონმა საბერძნეთში მიიღო და საერთოდაც ეჭვ ქვეშ დააყენა, ასრულებს თუ არა დედა სიდონია მის ეკლესიურ ვალდებულებებს.
ბექა მინდიაშვილი ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია, რას ემსახურება მსგავსი შინაარსის განცხადება. სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ ბერძნული და ქართული ეკლესია ერთი მთლიანობაა.
მისი თქმით, დედა სიდონიას ტოლერანტობის ქომაგის ტიტული გადაეცა იმისთვის, რომ ის ღიაობითა და შემწყნარებლობით გამოირჩევა განსხვავებული პოზიციისა თუ შეხედულების მიმართ.
„საპატრიარქოს განცხადება გაუგებარია, ვინაიდან, რელიგიათა საბჭომ არ დააჯილდოვა დედა სიდონია იმის გამო, რომ ის საპატრიარქოს იურისდიქციაში იმყოფება, არამედ დააჯილდოვა იმის გამო, რომ დედა სიდონია გამოირჩევა თავისი ღიაობით, შემწყნარებლობით, თანამშრომლობის სურვილით, განსხვავებული რელიგიის ეთნიკური ჯგუფის თუ განსხვავებული კულტურის მატარებელი ადამიანებისადმი. დედა სიდონია არის მართლმადიდებელი, სქემონაზონი, მართლმადიდებელი მონაზონი, ამჟამად ეკუთვნის საბერძნეთის ეკლესიას, რომელთანაც აქვს ევქარისტიული კავშირი, ანუ სრული ერთობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და შესაბამისად, ეს არის ერთი მართლმადიდებლური სხეული," - განაცხადა ბექა მინდიაშვილნა.
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრის ხელმძღვანელი, საუბრისას, საპატრიარქოს განცხადების იმ ნაწილსაც შეეხო, სადაც დედა სიდონიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზეა ხაზი გასმული.
„ძალიან უხერხულია, რბილად რომ ვთქვათ, ასეთი ტიპის განცხადებების კეთება საპატრიარქოს მხრიდან,“ - აღნიშნა ბექა მინდიაშვილმა.