არასამთავრობო ორგანიზაციები პროკურატურას მთავრობის ინიციატივით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ. საქმე ეხება ჭარბვალიანობის აღმოფხვრის მიზეზით, პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელიც ვალების განულებას გულისხმობს.
სამოქალაქო სექტორის აზრით, 600 ათასი ადამიანისთვის ვალის ჩამოწერა, ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის უპრეცედენტო შემთხვევაა და მიზნად, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის მიღებას ისახავს.
„მოცემულ ინიციატივაში შესაძლოა არსებობდეს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნები. შესაბამისად უფლებამოსილმა ორგანოებმა ეს ფაქტი უნდა შეისწავლონ და დარღვევის დადასტურების შემთხვევაში უნდა განახორციელონ შესაბამისი რეაგირება. აღნიშნული ინიციატივა შესაძლოა შეიცავდეს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ამომრჩევლის მოსყიდვას, რაც ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას 3 წლის ვადით,“-განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა რატი თინიკაშვილმა.
მათივე შეფასებით, ბუნდოვანია ვალის ჩამოწერასთან დაკავშირებით რა მოლაპარაკებები წარიმართა საბანკო სექტორსა და სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან.
სამოქალაქო სექტორის განცხადებას გამოხმაურება მოჰყვა პროკურატურის მხრიდან. საგამოძიებო უწყების განმარტებით, ეს არის კერძო ხასიათის შეთანხმება, რომელიც ეხება მოსახლეობის დიდ ნაწილს. უწყება დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.