ფოთში, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ სოციალურად დაუცველ მოსახლეობაზე მეორადი ტანსაცმელების დარიგების ფაქტს ხმაური მოჰყვა.
ოპოზიციის ინფორმაციით, ხელისუფლებას ტანსაცმელი წინასაარჩევნოდ, წინასწარ შედგენილი სიის მიხედვით უნდა დაერიგებინა, რამაც სხვა სოციალურად გაჭირვებული მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია.
მათივე განცხადებით, ამ ფორმით ხელისუფლება ამომრჩევლების მოსყიდვას ცდილობს.
ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს წევრის დავით გოგოხია თქმით, ბიძინა ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ადამინების მოსყიდვას სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ.
„წინასწარი გაწერილი სიების მიხედვით ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა, რომ მალთაყვაში დაერიგებინა ე. წ. მეორადი ტანსაცმელის ფუთები. ეს იყო პირდაპირ ამომრჩევლის მოსყიდვა. ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ეს ხდება სხვა და სხვა მეთოდებით. რაც არ უნდა გამოიყენოს ქართულმა ოცნებამ, ბიძინა ივანიშვილმა, რა მეთოდებსაც არ უნდა მიმართოს, როგორც ფოთმა და სრულიად საქართველომ გასცა პირველ ტურში პასუხი, ბიძინა ივანიშვილს უთხრა უარი, იგივე განმეორდება მეორე ტურშიც“ - აცხადებს გოგოხია.
ბრალდებებს უპასუხეს ფოთის მერიაში. ადგილობრივ მუნიციპალიტეტში აცხადებენ, რომ მსგავს აქციებს ისინი ხშირად ახორციელებენ და სოციალურ აქციას არჩევნებთან კავშირი არ აქვს.
„არჩევნებთან არავითარი კავშირი არ გვქონდა. ეს სიები, რა თქმა უნდა, წინასწარ იყო. ეს სიები ამოღებული იყო სოციალური და დამცველობის დაცვის სამსახურიდან და აი, ამ სიების მიხედვით ხდებოდა დარიგება“ - ამბობს ფოთის მერი გოჩა კურდღელია