გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები წყნეთისა და ტაბახმელის მოსახლეობას შეხვდნენ.
ადგილობრივების თქმით, "ქართულ ოცნებას" გაცემული დაპირებები არ შეუსრულებია და დღეს უკიდურეს გაჭირვებაში უწევთ ცხოვრება. ისინი დახმარების გრიგოლ ვაშაძისა და მისი გუნდისგან ელიან.
„ვცხოვრობთ ქვეყანაში, რომელიც კი არ იფლობა ჭაობში, არამედ უკვე ჩაეფლო და საჭიროა ამოსვლა ამ ჭაობიდან“- აცხადებს ადგილობრივი მოსახლე დარეჯან სანაია.
გრიგოლ ვაშაძე ხელისუფლების მხრიდან ამომრჩეველზე ზეწოლასა და დაშინებაზე საუბრობს. გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კოალიციური მთავრობა სწრაფი ნაბიჯებით შეუდგება ეკონომიკის გაჯანსაღებას, რის შედეგადაც პენსია 400 ლარამდე, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარამდე, პოლიციელის ხელფასი კი 2000 ლარამდე გაიზრდება.
„ტაბახმელაში ვიმყოფებით დ არნახული მასშტაბები მიიღო ამომრჩევლის დაშინებამ. მოსყიდვასაც კი აღარ ცდილობენ, აი, პირდაპირ დაშინებამ, დატერორებამ, მუქარამ, რომ მოუხსნიან სოციალურ დახმარებას. სოციალურად დაუცველებს სასადილოებიდანაც კი ხსნიან. ლარ-ნახევრით კვებავენ დღეში და ამიდანაც კი ხსნიან, ვერ წარმომიდგენია! ამისთანა ამაზრზენი ხელისუფლება, კრიმინალური, კორუმპირებული ერთდროულად საქართველოს არასდროს არ ჰყოლია. აუცილებლად მოვიგებთ ჩვენ ამ არჩევნებს!,“- აცხადებს ვაშაძე