17 ნოემბერი 2024,   07:55
ვრცლად
„პოლიციაში რაც მოხდა, ეს იყო საშინელება," - კვინიკაძეები ხარაგაულის პოლიციის უფროსს ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს

ხარაგაულის პოლიციის უფროსს, დავით მჭედლიძეს 2 მოქალაქე ფიზიკურ ძალადობასა და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს. ორი ნათესავი გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც სავალ ნაწილზე მათ უხერხულად გაჩერებული პოლიციის მანქანა დახვდათ. მათ პოლიციელს სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვეს, რის შემდეგაც ვითარება დაიძაბა და მოქალაქეებს სამართალდამცველებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

როგორც კონფლიქტში მონაწილე პირები ამბობენ, მათზე სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა მოგვიანებით უკვე პოლიციის განყოფილებაში გაგრძელდა.

ნაცემი მამაკაცები ამბობენ, რომ დავით მჭედლიძე სოფელ ბაბიში ბიზნეს საქმიანობით არის დაინტერესებული, რომელიც კვინიკაძეების საკუთრებაა. დაზარალებული გელა კვინიკაძე ამბობს, რომ მას სამართალდამცველებმა პირდაპირ დაუსახელეს, რომ ბიზნეს საქმიანობა სოფელ ბაბიში უნდა შეწყვიტოს.

„პოლიციაში რაც მოხდა, ეს იყო საშინელება. ორივე ცალ-ცალკე დაგვტოვეს, ორივეს ხელები ამოგვიტრიალეს, დაგვადეს ბორკილები, დაგვსვეს სკამზე და დედის გინება, ცემა-ტყეპა და უბედურება, საშინელება იყო. თან მეუბნება, შენ დატერორებული გაგაჩნია მთელი ბაბის ტერიტორიაო. იქ არ დაგინახო ჩამოსულიო, გაგიხვრიტავ შუბლსო. აქედან გამოდის, რომ ის ბიზნესი, რომელიც მე იქ მაქვს, ეს უნდა დავტოვო ჩვენი პოლიციის უფროსის ხუშტურზე,“ - განაცხადა გელა კვინიკაძემ.

სამართალდამცველებთან მომხდარ ფაქტს იხსენებს კიდევ ერთი დაზარალებული, კობა კვინიკაძე, რომელიც ასევე სამართალდამცველების მხრიდან ფიზიკურ შეურაცხყოფაზე საუბრობს. 

„პირდაპირ აგრესიით წამოვიდა ჩვენკენ და აგრესია იმაში გამოიხატებოდა, სიტყვიერი შეურაცხყოფაში, პირდაპირ დედის გინებაში. ქართველი კაცი ვარ და გადმოვედი მანქანიდან და სამაგიერო პასუხი გავეცი. ამის მერე დააძრო იარაღი. შეგვიყვანეს ისეთ ტერიტორიებზე შენობის შიგნით, სადაც არანაირი კამერა არაფერს არ აფიქსირებდა. ხელბორკილდადებულებს, უკუღმა დაჯენილებს სკამებზე, ის პიროვნებები ფიზიკურად გვისწორდებოდნენ,“ - ამბობს კობა კვინიკაძე.

დღის ამბები