ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოსა და ქართული ლუდის კომპანია ზედაზენის ორგანიზებით, ზედაზნის ქარხანას უცხოელი დიპლომატები და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში ლუდის დეგუსტაცია მოეწყო, ასევე განიხილეს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ქართული ბიზნესისთვის გახსნილი სხვადახვა პერსპექტივები.
„საქართველოში საქმის კეთება შეიძლება, ეს არის ცეზარ ჩოჩერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა. მე უკვე მეორეჯერ გახლავართ აქ და ვნახეთ, რომ არის არაჩვეულებრივი სტანდარტების ქარხანა, არაჩვეულებრივი პროდუქციის. ამ შემთხვევაში გამოშვებას დავესწარით იმიტომ, რომ ხარისხი მართლაც საუკეთესო არის,“ - აცხადებს საქართველო-ევროპის ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივანი
შეხვედრის მნიშვნელობაზე საუბრობს ზედაზენის გენერალური დირექტორი, კახაბერ კოტრიკაძეც.
„ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ქართული ლუდის კომპანიას ლიდერობა უნდა და ამბიცია აქვს, არამარტო ადგილობრივ ბაზარზე მოიპოვოს თავის სახელი, ხარისხითა და წარმოებული პროდუქტით, ასევე ქვეყნის გარეთაც. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ელჩს პირდაპირ აცნობ, თუ სად ხდება პროდუქციის წარმოება, რა არის ძირითადი ფუნდამენტი ამ წარმების,“ - ამბობს კოტრიკაძე.