აგვისტოს ომის გმირი - გია ცერცვაძე, დღეს უკანასკნელ გზაზე გააცილეს. უკანასკნელი პატივი გარდაცვლილს გორის სამების ტაძარში მიაგეს, სადაც ოჯახის ახლობლების და ნაცნობების გარდა, რიგითი მოქალაქეებიც მივიდნენ. თუმცა, თავდაცვის სამინისტროდან აგვისტოს ომის გმირისთვის პატივის მისაგებად გორში არავინ ჩასულა. უწყებამ იმაზეც უარი განაცხადა, რომ გია ცერცვაძე მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაეკრძალათ.
პოლკოვნიკი გია ცერცვაძე აგვისტოს ომი დღეებში დიდი ლიახვის ხეობის ქართულ სოფლებში იბრძოდა. პირველი ირონიული მადლობა ხელისუფლებამ მას 2013-ში გადაუხადა, როდესაც მთავრობის შეცვლის შემდეგ დაუძახა და უთხრა, რომ ჯარიდან უნდა წასულიყო. ამის შემდეგ ის უკრაინაში წავიდა და სხვის ომში საკუთარი ქვეყნის მტრის წინააღმდეგ იბრძოდა. ამ თამამი ნაბიჯისთვის ცერცვაძეს ირონიული მადლობა საქართველოს ხელისუფლებამ მეორედ გადაუხადა და მისი პერსონალური მონაცემები რუსეთს გადასცა. ოკუპანტის ციხისგან ცერცვაძე კიევის სასამართლომ იხსნა.
ბოლო ერთი წელი აგვისტოს ომი გმირმა რეანიმაციაში გაატარა, მძიმე სენით დაავადებულ ცერცვაძეს უკრაინელი ექიმები მკურნალობდნენ, თუმცა, არც მაშინ საქართველოს მთავრობას არ გასჩენია სურვილი, ომის გმირისთვის დახმარება აღმოეჩინა.
გია ცერცვაძე დღეს უკანასკნელ გზაზე სამმა შვილმა გააცილა. ამ ბავშვებისთვის მამა ერთადერთი პატრონი იყო. რუსთავი2- ის გადაწყვეტილებით, ცერცვაძეების ოჯახი ტელევიზიისგან ყოველთვიურ სტიპენდიას მიიღებს. ასევე არხი იზრუნებს, აგვისტოს ომის გმირის ოჯახისათვის გორში სახლის შეძენაზე.
ავტორი: თაკო სურგულაძე