17 ნოემბერი 2024,   07:47
ვრცლად
"ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა და სოფლებში ბეჭდავს პირადობებს? ეს ცოტა არასერიოზულია" - გია ვოლსკი 

გია ვოლსკი არასამთავრობო ორგანიზაციებს ტენდენციურობაში ადანაშაულებს. მმართველი გუნდის წევრს გარკვეული კატეგორიის მოქალაქეებისთვის ვალების ჩამოწერის სახელისუფლებო პროგრამასთან დაკავშირებით მესამე სექტორის კრიტიკა არ მოსწონს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამომრჩევლების მოსყიდვის ეჭვი გამოთქვეს და აღნიშნულ პროგრამაზე გამოძიება მოითხოვეს.

გია ვოლსკი ამბობს, რომ ამ პროგრამას არჩევნებთან არაფერი არ აკავშირებს.

რაც შეეხება მესამე სექტორის მიერ დღეს  გავრცელებულ ინფორმაციას, რომელის ყალბი პირადობების დაბეჭვდას ეხება, გია ვოლსკის მესამე სექტორის წარმომადგენლების კომპეტენციაში ეჭვი ეპარება.

„ერთი ვინმემ აგვიხსნას, რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომ დაბეჭდო ეს, რამდენი უნდა დაბეჭდო, როგორ უნდა გამოიყენო? ეს ნაცმოძრაობის პერიოდი ხომ არ  არის?! რეგისტრაციას გადის ყველა. ერთი ვინმემ თქვას, როგორ უნდა გამოიყენო?  ბიძინა ივანიშვილმა საბეჭდი აპარატი მოიპარა, წაიღო სოფლებში და იქ ბეჭდავს? ეს ცოტა არასერიოზულად მეჩვენება,“ - აცხადებს გია ვოლსკი და მოითხოვს, რომ არასამთავრობოებმა კონკრეტული ფაქტები წარმოადგინონ.

დეპუტატი ამომრჩევლების მოსყიდვის ფაქტს გამორიცხავს და აცხადებს, რომ, თუნდაც, ის ფაქტი, რომელიც კარტოფილის და ხახვის დარიგებას ეხებოდა, არასწორად იქნა გავრცელებული. გია ვოლსკის თქმით, ის ადამიანი, ვინც ამ პროდუქტს არიგებდა, არაფერი აკავშირებს „ქართულ ოცნებასთან“.

„სულელური სვლა არის, თუ ვინმეს ვინმეს მოსყიდვა უნდა,“ - განაცხადა გია ვოლსკიმ. 

გია ვოლსკი თვლის, რომ ნაციონალური მოძრაობა ცდილობს, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის საკითხი წამოსწიოს და ინფორმაციები ამომრჩევლის მოსყიდვის თაობაზე ამას უკავშირდება. მისივე თქმით, ამაში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციები. 

დღის ამბები