რომან გოცირიძე 600 ათასი მოქალაქისთვის ვალის განულების სახელისუფლებო პროგრამას დანაშაულებრივ ქმედებად აფასებს.
ნაციონალური მოძრაობის წევრი ამბობს, რომ გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ცდილობს ამომრჩევლის ხმების მოსყიდვას, ის ერევა კომერციულ გარიგებაში.
„ეს არის გამოცხადებული დანაშაულებრივი ქრონიკა. ფაქტობრივად, სახელმწიფო ჩართულია დანაშაულებრივ ქმედებაში, რომელსაც ჰქვია ადამიანების ხმების მოსყიდვა. ერევიან კომერციული სტრუქტურების ურთიერთობაში,“ - განაცხადა რომან გოცირიძემ.
რომან გოცირიძე ამბობს, რომ ხელისუფლება დაკავებულია იმით, რომ ცდილობს, ქართუს მიჰყიდოს „ჩალის ფასად ვალები“. რომან გოცირიძის განცხადებით, ქართუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს სთავაზობს 1 ლარ დავალიანებაში 9 თეთრის გადახდას.
ნაციონალური მოძრაობის წევრი აცხადებს, რომ ბლეფია ის ინფორმაცია, თითქოს, პროგრამა შეეხება 600 ათას ადამიანს, რადგან კრედიტინფოში მოხვედრილია ის ადამიანებიც, ვისი დავალიანებების ძირიც 2000 ლარზე მეტია.
რაც შეეხება იმას, განხორციელდება თუ არა პროგრამა, თუ არჩევნებში ოპოზიცია გაიმარჯვებს, რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ხელისუფლება იძულებული გახდება, ეს აქცია ჩაატაროს.