"გულწრფელად მივესალმები, თუ ვინმე მდიდარი ადამიანი შეეცდება, გაჭირვებულ ადამიანებს შეეხიდოს, დაეხმაროს," - ამის შესახებ განცხადება ნიკა ობოლაძემ გააკეთა. ეკონომისტი ამბობს, რომ ის განსაკუთრებით არ იქნება წინააღმდეგი, თუ ამას გააკეთებს ის ადამიანი, ვის გამოც არიან ეს ადამიანები მძიმე სოციალურ პირობებში.
ნიკა ობოლაძე აცხადებს, რომ ეკონომიკური ზრდა რომ ყოფილიყო ისეთივე, როგორიც იყო ივანიშვილის ხელისუფლებამდე, მაშინ ამ მდგომარეობაში მოქალაქეები არ აღმოჩდებოდნენ.
მისივე თქმით, ის პროცესები, რომელიც ვალების ჩამოწერაზე მიმდინარეობს, რეკეტის ნიშნებს შეიცავს. ამასთან, ნიკა ობოლაძე ამბობს, რომ სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოსახლეობას 50 მილიონ ლარს მიჰყიდის მილიარდნახევრად.
„ამ ოპერაციებში მთავრობაა ჩართული, რაც არის რეკეტის ნიშნები, ამ სესხებს ყიდულობს ბანკი ქართუ ბითუმად და საბოლოო ჯამში, ბანკმა თქვა, რომ გამოყოფილი აქვს 100 მილიონი ლარი. ჩვენ რაც დავთვალეთ, ეს შეიძლება, იყოს 50 მილიონის ფარგლებში. ანუ ივანიშვილი დღეს საქართველოს მოსახლეობას 50 მილიონ ლარს მიჰყიდის მილიარდ ნახევრად,“ -განაცხადა ნიკა ობოლაძემ.
მისი თქმით, პოლიტიკურად ის განცხადება, რომ 600 ათას ადამიანს ჩამოწერენ ვალებს, ნიშნავს, რომ ხელისუფლება ერთ ხმაში იხდის 2500 ლარს.
მისივე თქმით, ეს პროგრამა უსამართლობაა იმ ადამიანების მიმართაც, ვინც იხდიდა კრედიტებს.