გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი გაერთიანების სხვა ლიდერებთან ერთად, ახალქალაქის ამომრჩეველს შეხვდა.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, არჩევნების შემდეგ ენზელ მკოიანის კრიმინალური დაჯგუფების ძალადობრივი მოქმედებები დასრულდება. მისივე თქმით, მცდელობის მიუხედავად ხელისუფლება ვერ მოახერხებს არჩევნების გაყალბებას, ვინაიდან ამომრჩეველმა მათ უკვე უთხრა მკაფიო უარი.
გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ დაიწყება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც გააჩენს სამუშაო ადგილებს რეგიონში, პენსია გახდება 400 ლარი, მასწავლებლის ხელფასი 1000 ლარი და პოლიციელის ხელფასი 2000 ლარი.
„ეს მოგონებული საფრთხეები, რომელზეც ლაპარაკობდა ე.წ. "ქართული ოცნება" ეს იმისთვის არის, რომ დაასვან თავზე ადამიანები, რომლებიც არიან მძარცველები ამ კუთხის, ენზელ მკოიანია და მსგავს ტიპის კრიმინალები. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ არასოდეს ნინოწმინდაში და ახალქალაქში, საქართველოში მეტი არჩევნები არ გაყალბდეს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
შეხვედრის მონაწილეებს, სკაიპის საშუალებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმაც მიმართა.