14 ოქტომბერი 2024,   13:09
ვრცლად
მუქარის და ზეწოლის ფაქტები - "სამართლიანი არჩევნები" ანგარიშში ამომრჩევლის მოსყიდვის უპრეცედენტო მასშტაბებზე საუბრობს

„სამართლიანი არჩვენების“ შუალედური ანგარიში - დოკუმენტი არჩევნების მეორე ტურამდე წინასაარჩევნო პერიოდს მოიცავს. არასამთავრობო ორგანიზაცია ფართოდ გავრცელებულ ზეწოლაზე, ამომრჩევლის მოსყიდვასა და ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების მასშტაბებზე მიუთითებს. გამოვლენილ დარღვევებზე დაყრდნობით „სამართლიანი არჩევნები" არც იმას გამორიცხავს, რომ არჩევნების ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.

„სამართლიანი არჩევნების" ანგარიშში მუქარის და ზეწოლის ფაქტები მრავლად მოხვდა. 40 გამოვლენილი ფაქტიდან, მხოლოდ ერთია სალომე ზურაბიშვილზე განხორციელებული მუქარა, დანარჩენი შემთხვევები ოპოზიციის მხარდამჭერებზე ზეწოლას ეხება.

ანგარიშის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილისთვის ხმების მოსაპოვებლად ხელისუფლება პოლიტიკური ნიშნით ზეწოლის სხვადასხვა ფორმებს მიმართავს. საგარეჯოს მერიაში და ახალციხის ბაგა-ბაღებში განცხადებებს გადადგომის შესახებ წინასწარ იძულებით აწერინებს, ხაშურის რკინიგზაში ზურაბიშვილს გამარჯვების შემთხვევაში პრემიებს ჰპირდებიან.

ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას ხაშურში ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მეხანძრეებსაც აიძულებენ და საარჩევნო უბნიდან ზურაბიშვილისთვის მხარდაჭერის დამადასტურებელი ფოტო მასალის გამოტანას სთხოვენ. ხოლო იმ მეხანძრეებს რომლებსაც ახალი თაობის ტელეფონი არ აქვთ, პარტიის წარმომადგენლები ტელეფონებით უზრუნველყოფენ რათა მათ შემოხაზულ ბიულეტენის გადაღება შეძლონ.

ანგარიშში მოხვდა მარნეულში მომხდარი ფაქტიც, სადაც ენმ-ს აქტივისტს ნოვრუზ მეხტიევის მამას დაემუქრნენ, რომ თუ ზურაბიშვილის აგიტატორად არ იმუშავებს, მის კუთვნილ მაღაზიას და ჩაიხანას შემოსავლების სამინისტრო დააჯარიმებს ან დაკეტავს.

იქ სადაც დაშინება და მუქარა არ ჭრის, მმართველის პარტია სხვა ფორმებს მიმართავს და ოპოზიციის ამომრჩეველს მისი პირადობის მოწმობის სანაცვლოს 50 ლარს სთავაზობს. „ოცნება“ პირადობის ე.წ დაპატიმრებით ცდილობს ოპოზიციის ამომრჩეველი არჩევნებზე არ მივიდეს.

600000 ადამიანისთვის ვალების განულების შეფასებისას სამართლიანი არჩევნები წერს, რომ მსგავსი მასშტაბის ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტი უპრეცენდენტო შემთხვევას წარმოადგენს. ბოლო სამ კვირაში ანგარიში პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების და ფიზიკური დაპირისპირების ცნობილი ფაქტებიც მოხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები