"ლეიობორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი „ქართულის ოცნების“ მიერ გაცემულ დაპირებას საბანკო დავალიანებების დაფარვასთან დაკავშირებით თაღლითობას და წინასაარჩევნო აფიორას უწოდებს. მისი თქმით, იმის ნაცვლად რომ მთავრობას საბანკო პროცენტების შემცირებაზე ეფიქრა, ისინი, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, კვლავ ამომრჩევლის მოსყიდვას ცდილობენ.
„ნაცვლად იმისა, რომ სამას პროცენტიანი საბანკო სესხი ჩამოეყვანა ევროპულ 3-5 პროცენტამდე, კონკრეტულ კატეგორიებზე საერთოდ უპროცენტო სესხი დაეწესებინა, გაეუქმებინა დამანგრეველი ტოტალიზატორები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, გამოეხსნა დაყადაღებული სახლები, ქონება, ჩვენი გაუბედურებული ხალხის შემოსავალი, ის კვლავ წავიდა მორიგ წინასაარჩევნო აფიორა-თაღლითობაზე, რაც არ შეიძლებას მას ეპატიოს. მოიტანოს საყდრისიდან წაღებული ოქროს სამ მილიარდიანი მითვისებული რესურსი და ამ სამი მილიარდიდან დაიწყოს საბანკო ტყვეობიდან ხალხის გათავისუფლება,“ - აცხადებს ნათელაშვილი.