დღეს გიორგობაა - მართლმადიდებელი ეკლესია წმინდანის წამების დღეს აღნიშნავს. ტაძრებში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. დღესასწაულთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II, წირვას სამების ტაძარში ატარებს. ტაძარში გამობრძანებულია წმინდანის წმინდა ნაწილი.
სადღესასწაულო წირვა ყველა მოქმედ ტაძარში აღევლინება.
„ყველა მართლმადიდებელს ვულოცავ გიორგობის დღესასწაულს. 23 ნოემბერი განსაკუთრებით აღინიშნება ქართულ სამართლმადიდებლოში, ეს არის დღე, როდესაც ბოროტმა იმპერატორმა დიოკლიტიანემ ბორბალზე აწამა წმინდა გიორგი და ღმერთმა სასწაულებრივად აღადგინა,“ - აღნიშნა არქიმანდრიტმა, სამების საპატრიარქო ტაძრის ეკონომისმა, მამა იოანემ. (მჭედლიშვილი).
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე. საპრეზიდენტო კანდიდატმა ყველა მართლმადიდებელს გიორგობის დღესასწაული მიულოცა.
„მართლმადიდებელ ქრისტიანს, საქართველოს ყველა მოქალაქეს, ყველა ქართველს ვულოცავ ამ ბრწყინვალე დღესასწაულს, გვფარავდეს წმინდა გიორგის მადლი,“ - აღნიშნა გრიგოლ ვაშაძემ.