„პატრიოტთა ალიანსის“ წევრები და მათი მხარდამჭერები ბათუმში ევროპის მოედანზე შეიკრიბნენ. აქციის ლოზუნგი და მოწოდება „არა ნაციონალურ მოძრაობას!“ იყო. „პატრიოტთა ალიანსი“ მხარდამჭერებს არჩევნების მეორე ტურში ხმის მიცემას „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის მოუწოდებდა.
„ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ, „არა“ წარსულში დაბრუნებას!, „არა“ სააკაშვილ-ბოკერიების რეჟიმს!, “არა“ ძალადობას და ტერორს! და უამრავი ადამიანი საქართველოში უერთდება ამ მოწოდებას, როგორც თქვენ ნახეთ და კიდევ ნახავთ მომავალში“ - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ წევრი ირმა ინაშვილი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავი აქციის მთავარ გზავნილად ნაცმოძრაობის წევრების დასჯას ასახელებს.
„არა“ ნაცმოძრაობას! „არა“ ამათ ნამსხვრევებს! ვითომ ევროპულ მოძრაობას და საერთოდ, ამ ხალხს „არა“ და საერთოდ, დაისაჯოს ეს ხალხი! ესაა მთავარი გზავნილი!" - აცხადებს თარხან-მოურავი.