17 ნოემბერი 2024,   07:38
ვრცლად
„შეასრულონ დანაპირები! გაიაფდეს საწვავი!“ - პიკეტი და ხმოვანი სიგნალები თბილისის ქუჩებში

ბენზინგასამართ სადგურებთან საპროტესტო აქციები გრძელდება. უკმაყოფილო მძღოლები და მოქალაქეები საწვავის ფასის ზრდას აპროტესტებენ. ისინი ხელისუფლებისგან დანაპირების შესრულებას ითხოვენ.

მოქალაქეებმა ვაჟა-ფშაველას გამზირი რამდენიმე წუთის განმავლობაში გადაკეტეს. ასევე საპროტესტო აქცია იმართებოდა თამარ მეფის გამზირზე. ნახევარი საათის განმავლობაში პიკკეტირებული იყო ლუკოილის ბენზინგასამართი სადგური.

ხმოვანი სიგნალებით და შეძახილებით აქციის მონაწილეები სხვადასხვა ბენზინგასამართ სადგურზე ერთსა და იმავე დროს მივიდნენ. ისინი საწვავზე ფასების დაკლებას ითხოვენ.

ბენზინგასამართ სადგურებთან მოქალაქეებმა ტრანსფარანტები მიიტანეს, სახელწოდებით - „დასწიეთ ფასები!“, „არა კარტელურ გარიგებას!“

აქციას თბილისის ქუჩებში ოპოზიციის წარმომადგენლები შეუერთდნენ. ისინი ხელისუფლებას შეუსრულებელ დაპირებებს ახსენებენ.

„ეს არ არის ის ტარიფები, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას 2012 წელს ჰპირდებოდა. ეს ადამიანი, თავის ხელის ბიჭებთან ერთად, არის გარიგებული კერძო ნავთობიმპორტიორებთან. თვითონ ადგენენ ამ საწვავის ფასს, რომელიც საქართველოს თითოეულ მოქალაქეზე, მათ ჯიბეზე აისახება,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა, ზაალ გოროზიამ.

ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ საწვავზე ფასების შემცირების რესურსი არსებობს, თუმცა, ხელისუფლებას ამის პოლიტიკური ნება არ გააჩნია.

„არსებობს იმის რესურსი, რომ საწვავზე ფასებმა დაიწიოს, რაც გააუმჯობესებს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ცუდ ეკონომიკურ მდგომაროებას, თუმცა, ამისთვის ქართულ ოცნებაში პოლიტიკური ნება არ არსებობს,“ - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა, კოტე იოსელიანმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები