17 ნოემბერი 2024,   07:27
ვრცლად
"რატომ არიან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები გარეთ, რატომ არ გვცემენ პასუხს?- იმიტომ, რომ თავად არიან მკვლელები" - სარალიძე

"დღეს თემირლანი გახდებოდა 20 წლის, მაგრამ მას ვერაგულად  მოუსპეს ის სიცოცხლე, რომელ სიცოცხლესაც შენატროდა თავად თემირლანი," - ამ განცხადებით რუსთაველის გამზირზე შვილმოკლული მამების აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ მიმართა. 

ზაზა სარალიძემ აქციის მონაწილეებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისინი პარლამენტის წინ სიმართლის აღდგენისთვის და მკვლელების დასჯისთვის დგანან.

„როგორც იცით, დღეს თემირლან მაჩალიკაშვილის დაბადების დღეა, დღეს ის გახდებოდა 20 წლის, მაგრამ მას ვერაგულად  მოუსპეს ის სიცოცხლე, რომელ სიცოცხლესაც შენატროდა თავად თემირლანი. ჩვენ არ ვდგავართ აქ იმისთვის, რასაც გვაბრალებს ეს ხელისუფლება, ჩვენ ვდგავართ იმისთვის, რომ ჩვენი შვილების მკვლელები უნდა იყვნენ დასჯილი და მე მგონი, ყველა ადამიანს ესმის ეს, თუ ჩვენ გვინდა მშვიდობიან და სამართლიან ქვეყანაში ცხოვრება, ყველა მკვლელი უნდა იყოს დასჯილი. არ აქვს მნიშვნელობა თანამდებობის პირი იქნება თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, კანონი ყველასთვის კანონი უნდა იყოს. რატომ დადიან დღეს ჩემი შვილის მკვლელები გარეთ, რატომ არიან თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელები დღეს გარეთ? რატომ არ გვცემენ ამ კითხვაზე პასუხს? იმიტომ რომ თავად არიან მკვლელები და თავად არიან მკვლელების ხელის მფარველები,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.  

დავით სარალიძის მამა ამბობს, რომ ის ბოლომდე იბრძოლებს და არ დაუშვებს, რომ მისი შვილის და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელებმა თავისუფლად იარონ.

„ჩვენ ამ ხელისუფლებას ან ვაიძულებთ რომ ყველა დამნაშავე იყოს პასუხისგებაში მიცემული, ან ვაიძულებთ, რომ წავიდნენ სახლში და ყველა დამნაშავე ჩაჯდება ციხეში. ჩვენ არ ვაპირებთ უკან დახევას, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო შვილები მოგვიკლეს, არამედ ჩვენი გვარის განშტოება დაგვიხოცეს. ამით გაანადგურეს ჩვენი განშტოება,“ - ამბობს ზაზა სარალიძე.

პანკისის ხეობაში სასტიკად მოკლული ახალგაზრდის ხსოვნის პატივსაცემად და დამნაშავეების დასჯის მოთხოვნით თბილისში მიმდინარე აქციას დღეს პანკისელებიც შეუერთდნენ. ისინი კიდევ ერთხელ მოითხოვენ გამოძიების ობიექტურად წარმართვას და მაშინდელი სპეცოპერაციის ყველა ხელმძღვანელი პირის დასჯას. თემირლან მაჩალიკაშვილი ერთი წლის წინ, 25 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს შუბლში ნასროლმა ტყვიამ იმსხვერპლა. მოკლულის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ ხნის განმავლობაში კითხვებზე პასუხებს უშედეგოდ ითხოვს.

დღის ამბები