ხობის რაიონის სოფელ საჯიჯაოში მეოთხე ბრიგადის ყოფილი უფროსი, ზურაბ შამათავა დააკავეს. მანამდე სამართალდამცველებმა მისი სახლი და მანქანა გაჩხრიკეს, რის შემდეგაც შამათავა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ერთსაათიანი გამოკითხვის შემდეგ, შამათავამ ადვოკატთან ერთად შენობა დატოვა.
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ზურაბ შამათავა არის მათი მხარდამჭერი და მისი აყვანა უშუალოდ გახარიას დავალებით მოხდა.
„ხობის მერმა ქაჯაიამ სთხოვა გახარიას, რომ დაპატიმრებული ყოფილიყო, ან რამენაირად განეიტრალებინათ ზურა შამათავა. რომელიც არის ჩვენი აქტიური მხარდამჭერი. რომელიც არის სამხედრო, რომელიც არის მეოთხე ბრიგადის ყოფილი ხელმძღვანელი. რომელსაც აქვს ძალიან მაღალი რეპუტაცია. მოხდა მისი მოტაცება, უნდა გენახათ რა იყო. დაახლოებით ათამდე ჯიპით გადაადგილდებოდა ძალოვანთა ესკორტი. არ ვიცი რას აპირებდნენ, სად უნდა გაეტაცათ, მაგრამ ძალიან კარგი იყო ის, რომ მაშინათვე რეაგირება მოხდა ჩვენ მოვახერხეთ ამ ესკორტზე ადევნება და ვერ მოხდა რაღაც უკანონო მანიპულაციების განხორციელება,“-განაცხადა მურთაზ ზოდელავამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. უწყების მტკიცებით, პირის გადამოწმება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა, თუმცა ფაქტი არ დადასტურდა.