17 ნოემბერი 2024,   07:53
ვრცლად
ძალადობა, ზეწოლა, მუქარა ოპოზიციის წევრებზე და შესაძლო მოსყიდვა-დარღვევები, რომელიც წინასაარჩევნოდ გამოვლინდა

წინასაარჩევნო დარღვევები საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურიდან მეორე ტურამდე-ოპოზიციაზე პირველი სისხლიანი თავდასხმა,  არჩევნების მეორე ტურის გამოცხადებისთანავე განხორციელდა. ახალქალაქში, გაერთიანებული ოპოზიციის შტაბში, "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატის, ენზელ მკოიანის ძმა მარტუნ მკოიანი და მისი მხარდამჭერები შეიჭრნენ და ყველას, ვინც იქ დახვდათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ამ ფაქტებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო, მაგრამ არავინ იცის, როდის და რა შედეგით დაასრულებს. ასევე უცნობია დააკავებენ თუ არა პიროვნებას, რომელიც ონში გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელის, დაჭრის საქმეში ფიგურირებს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ნოდარ ბურდილაძეს საკუთარ სახლთან თავს ორი პიროვნება დაესხა და ორი სხვადასხვა სახის ცივი იარაღით, სხეულის ორს სხვადასხვა ნაწილში, ორი ჭრილობა მიაყენა, თუმცა სამართალდამცავებმა რატომღაც მხოლოდ ერთი ბოროტმოქმედი დააკავეს.

ამ დრომდე დაუდგენელია, იმ თავდამსხმელების ვინაობაც, რომლებმაც სოფელ ფეჯინში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კოორდინატორის სახლის ეზოში ე.წ. "მოლოტოვის კოქტეილები" შეყარეს. ცეცხლის ჩაქრობა მალევე მოხერხდა, თავდასხმის ფაქტი კი დაზარალებულების მხრიდან დაშინების მცდელობად შეფასდა.

ადგილი ჰქონდა თავდასხმას საარჩევნო ბანერების გაკვრის პროცესშიც. ოზურგეთში გრიგოლ ვაშაძის პლაკატის გაკვრა არ ესიამოვნა, ხოლო ბოლნისის საკრებულოს დეპუტატი და ამავე ოლქის ერთ-ერთი საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარე გაერთიანებული ოპოზიციის აქტივისტებს ფიზიკურად მხოლოდ იმის გამო გაუსწორდნენ, რომ ისინი საარჩევნო ფლაერებს არიგებდნენ.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის პერიოდში, არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის ყველაზე თვალშისაცემი სწორე ზეწოლა-მუქარის ფაქტების საგრძნობი მატება აღმოჩნდა.

დაფიქსირდა საჯარო სამსახურებიდან ოპოზიციის მხარდამჭერების გათავისუფლების ფაქტებიც.

გარდა ამისა, მესამე სექტორი ვარაუდობს, რომ ადგილი აქვს უპრეცედენტო რაოდენობის ამომრჩევლის მოსყიდვას, რომელიც 600 ათასი მოქალაქისთვის სასესხო დავალიანების ჩამოწერას ამ პროცესში ბიძინა ივანიშვილის კერძო ფონდის "ქართუს" ჩართვას უკავშირდება.

 

დღის ამბები