"მისი გავლა, მისი ნაბიჯები, მისი გაღიმება, ეს ყველაფერი ყოველ წამს ჩემს თვალწინ მეორდება,“ - ზუსტად 20 წლის წინ, მალხაზ მაჩალიკაშვილს, დიდი ხნის ნანატრი ვაჟი შეეძინა. თემირლანი ჩეჩნეთში დაიბადა, მალე ომიც დაიწყო. 2 ქალიშვილი, 11 თვის თემირლანი, დედა და მეუღლე მალხაზ მაჩალიკაშვილმა საქართველოში გადმოიყვანა.
თემირლანს კი თვალის პრობლემების გამო საზოგადოებაში გასვლისაც რცხვენოდა. 18 წლის ასაკში პტოზის ოპერაცია გაუკეთეს, მკვლელობამდე მხოლოდ ერთი წლით ადრე შეძლო თვალის ფართოდ გახელა, მხედველობის აღდგენა და სამყაროს რეალურ ფერებში დანახვა.
თემირლანი დაქორწინებას აპირებდა. 25 დეკემბერს დუისში იყო, მამამ შვილი ბოლოს შუადღის 4 საათზე ნახა. 25 დეკემბერის საღამოს თემირლანი მეორე სართულზე თავის ოთახში დასაძინებლად ავიდა. 26 დეკემბრის დილის 04:00 საათზე კი კარის შემტვრევისა და სროლის ხმა გაიგეს. გათენებამდე ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ რა მოხდა ზემოთ. მეორე სართულზე ასვლის უფლება მხოლოდ დილას მისცეს.
ოფიციალური განცხადების თანახმად, თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმს შეეწინააღმდეგა, ჰქონდა ხელყუმბარა და ამიტომ ესროლეს. მალხაზ მაჩალიკაშვილი კი ამბობს, რომ თემირლანს მობილურით ხელში ეძინა და ხელყუმბარა მკვლელობის შემდეგ მიიტანეს.
ორი პირი რომელთან ერთადაც გავრცელებულ ვიდეოში თემირლანი გადაადგილდება, მაჩალიკაშვილის კარის მეზობლის სტუმრები იყვნენ. სალოსის ქუჩაზე მომხდარი სპეცოპერაციის შემდეგ ერთი მოკლეს, მეორე დააკავეს, მაშინ გაიგეს მაჩალიკაშვილებმა ამ ადამიანების ნამდვილი სახელებიც. თემირლანი ორივეს იცნობდა, ისევე როგორც მთელი სოფელი. იხსენებენ, რომ მობილური ტელეფონი რაღაც პერიოდი თემირლანმა იმ ორ პირს ათხოვა.
აღმოჩნდა, რომ ის ორი პირი ინტერპოლით ძებნილები იყვნენ. ვახა მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ გასული წლის ნოემბერს, სალოსის ქუჩაზე ჩატარებულმა სპეცოპერაციამ ბევრი კითხვა გააჩინა, ჩატაევი თავიდან სუს-თან თანამშრომლობდა და ფინანსური ინტერესებიც ჰქონდათ, პანკისში არეულობის გამოწვევა კი მათ ხმაურიან სპეცოპერაციას გაამართლებდა.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ შვილის დაკარგვის ტკივილს კიდევ უფრო უმძაფრებს ის, რომ თემირლანის სახელი შელახეს და ტერორისტად გამოაცხადეს.
ის თემირლანის სიმართლის დასამტკიცებლად და დამნაშავეების დასასჯელად უკვე 77-ე დღეა რუსთაველზე დგას. მამები არც მუქარას უშინდებიან და არც წინააღმდეგობებს.
მალხაზ მაჩალიკაშვილი ამბობს, რომ ამ ქვეყნად ერთი მისია დარჩა, კანონის ფარგლებში დაისაჯოს ყველა, ვინც თემირლანის სიკვდილზეა პასუხისმგებელი.