არჩევნების მეორე ტურამდე სამი დღით ადრე, მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო კანდიდატების შანსებზე საუბრობს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ „ოცნების“ რჩეულ კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს გამარჯვების შანსი, თუ უპრეცედენტო გაყალბებას ექნება ადგილი.
„ერთადერთ შემთხვევაში არის შესაძლებელი სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გაყვანა და ეს არის არნახული, ისეთ გაყალბება, რომელიც არ დასიზმრებია საქართველოს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ივანიშვილს სჭირდება გაყალბების მასშტაბები, რომელიც ასლან აბაშიძის და ედუარდ შევარდნაძეს გადააჭარბებს.
მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ ასეთი პროგნოზის გაკეთების საშუალებას ის მძიმე სოციალური ვითარება აძლევს, რომელიც საქართველოშია. მისივე თქმით სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ნიშნავს იმას, რომ ზუსტად ორ წელიწადში ქვეყანას მილიონზე მეტი ადამიანი დატოვებს და მსოფლიო ოფიციალურად აღიარებს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობას.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა უამრავჯერ მოატყუა ამომრჩეველი. მათ შორის მაშინაც, როდესაც თქვეს, რომ სალომე ზურაბიშვილი დამოუკიდებელი კანდიდატია. მისივე თქმით, თუნდაც ის აქცია, რომელიც „პატრიოტთა ალიანსის“ ეგიდით ჩატარდა, რეალურად ბიძინა ივანიშვილის მიერ არის ორგანიზებული.
მიხეილ სააკაშვილმა ისაუბრა იმ ადამიანებზეც, რომლებიც ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მობრუნდეს. მისი თქმით, მას ესმის ამ ხალხის განცხადებები, რადგან მაშინ, როდესაც მისი ხელისუფლება მოვიდა ხელისუფლებაში, მას მოუწია ნულოვანი ტოლერანტობის გამოცხადება კრიმინალთან, რასაც გარკვეულ პირობებში მოჰყვა ძალის გადამეტება. ის წუხილს გამოთქვამს, რომ ადგილი ჰქონდა ასეთ ქმედებას. მიხეილ სააკაშვილის აცხადებს, რომ დღევანდელი არჩევნები არ არის ვინმეს უკან მობრუნება.
„დღეს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ საქართველოს, ეს არ არის ვინმეს უკან მობრუნება, არც ერთი ძველი თანამდებობის პირი არ უნდა იყოს თანამდებობაზე,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ საუბარია კოალიციურ მთავრობაზე.
რაც შეეხება მის გეგმებს, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს რომ ის არ იქნება მთავრობაში ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. საქართველოს მესამე პრეზიდენტო ამბობს, რომ ის არ დაჯდება სახლში ბიძინა ივანიშვილივით და არ დაიწყებს არაფორმალურ მართვას.
„ჩემი დიდი ამბიციაა საქართველოს დიდ საზღვაო სახელმწიფოდ ქცევა. მე მაქვს ამბიცია და შევიტან განაცხადს ლაზიკის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მმართველის პოზიციაზე. მე მინდა, რომ ეს იყოს ზონა, სადაც იქნება ინგლისური სამართალი, სადაც იქნება დღგ ნოლი. მე მინდა ვიყო ლაზიკის ზონის ხელმძღვანელი,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და აღნიშნა, რომ ლაზიკის პორტი თავის დროზე მისი იდეა იყო.
კითხვაზე, მაშინ როდესაც მის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება, როგორ შეძლებს ის საქართველოში დაბრუნებას, მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ მაშინ როდესაც მოხდება სასამართლოს გათავისუფლება ივანიშვილისგან ის წარდგება სამართლის წინაშე და მის უდანაშაულობას დაამტკიცებს.
მიხეილ სააკაშვილმა კოალიციური მთავრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციაში არიან ისეთი ადამიანები რომლებიც იქნებიან წარმატებული ლიდერები. მისივე თქმით მთავარი პროკურორი უნდა დაასახელონ პროკურორი.
„ეკა გიგაური თუ დაასახელებს პროკურორს ესეთი პროკურორი უნდა იყოს პროკურორი. თამარ კორძაია და სამნიძე იქნებიან ბრწყინვალე მინისტრები. ევროპულ საქართველოში არიან წარმოუდგენლად ნიჭიერი ადამიანები. თვითონ დავით ბაქრაძე არის ერთ-ერთი ძალიან საინტერესო ლიდერი დამოუკიდებლობის შემდეგ. ძალიან მაგარი ლიდერია. დათო ბაქრაძის არგამოყენება ქვეყნისთვის იქნება დანაშაული,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.