02 ივლისი 2024,   10:54
ვრცლად
"საერთაშორისო საზღვაო სამართლის უხეში დარღვევა" - დავით ზალკალიანი ქერჩის სრუტეში რუსული სამხედროების მიერ, უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმას ეხმაურება

უკრაინაში შესაძლოა საომარი ვითარება გამოცხადდეს. ქერჩის სრუტეში რუსული სპეცდანიშნულების ძალების მიერ, უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმა, ოფიციალურმა კიევმა უკვე შეაფასა, როგორც სამხედრო აგრესიის აქტი. 

უკრაინაში არსებულ ვითარებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება. დავით ზალკალიანის შეფასებით, ქერჩის სრუტეში მომხდარი ინციდენტით რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმა.

„რა თქმა უნდა, იმ მოვლენებს, რომლებსაც იქ ადგილი აქვს, ეს არის საერთაშორისო საზღვაო სამართლის ნორმების უხეში დარღვევა. კატეგორიულად მიუღებელია და მსოფლიო თანამეგობრობა გმობს ამას. აუცილებელია, რომ იყოს მყისიერი რეაგირება. მოგეხსენებათ, რომ მოწვეული უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც, საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა იყოს ადეკვატური ამ უკანონო ქმედებების მიმართ და საჭიროა დაუყოვნებელი ზომების მიღება სიტუაციის დეესკალაციისკენ,“- აცხადებს დავით ზალკალიანი.

რუსეთის მხრიდან განხორციელებულ აგრესიას უკრაინის ტერიტორიაზე გმობს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფო ქაცარავა. ის იმედოვნებს, რომ შექმნილი სიტუაცია ესკალაციის გარეშე განიმუხტება.

„ეს არის რუსეთის მხრიდან გამოხატული კიდევ ერთი აგრესია, ჩვენ ვგმობთ ამ აგრესიას და მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ესკალაციის გარეშე განიმუხტება ეს სიტუაცია,“ - განაცხადა სოფო ქაცარავამ.

 

დღის ამბები