"ქართული ოცნების" შტაბი ჯავახეთში უარყოფს, რომ ვაჰაგნ ჩახალიანი სოფლებში მათი დავალებით დადის და ამომრჩეველთან სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო კამპანიას ეწევა.
პარტიაში ამბობენ, ფაქტთან კავშირი არ აქვთ და ჩახალიანი, ზურაბიშვილისთვის მხარდამჭერებს საკუთარი სურვილით აგროვებს.
„მე როგორც ვიცი თავისი სურვილით კაცმა, თავისი აზრი გამოხატა და 48-ს ამჯერად მხარი დაუჭიროს, ვინაიდან ჩვენ მშვიდობა გვინდა. ვიცი, რომ ეგ ადამიანი ორ სამ ადგილას ყოფილა. ვინც ნება გამოხატა, რომ 48-ს უნდა დაეხმაროს ჩვენ ყველას მივესალმებით. ნაციონალური მოძრაობის დროს ეგ ადამიანი აწამეს. პოლიტპატიმარი იყო,“-აცხადებენ „ქართული ოცნების“ შტაბში.
სეპარატისტები და აგრესიული პრორუსული ძალის წარმომადგენელი ვაჰაგნ ჩახალიანი ჯავახეთში სპეციალურად წინასაარჩევნოდ დაბრუნდა. ის უკვე ჩაერთო მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატის კამპანიაში. თავის დროზე სასამართლოსა და ქართული უნივერსიტეტის შეიარაღებული დარბევისთვის ნასამართლევი ჩახალიანი ახლა ადგილობრივ მოსახლოებას ორგვერდიანი წერილით მიმართავს, სადაც ის იმეორებს ზურაბიშვილის ანტითურქულ რიტორიკას. ასევე წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს ეთნიკური სომხების ჩაგვრაში და დევნაში.
ვაჰაგნ ჩახალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის სომხეთიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვიდა. რაც შეეხება წერილს, ჩახალიანის ახლობლები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.