„ნაციონალური მოძრაობა“ ვაჰაგნ ჩახალიანის ჯავახეთში დაბრუნებას და სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში ჩაბმას ეხმაურება.
გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ "ქართული ოცნება" მასთან პირდაპირ კავშირს ვაჰაგნ ჩახალიანის რეპუტაციის გამო უარყოფს.
ბარამიძე არც იმას გამორიცხავს, რომ უახლოეს მომავალში ჩახალიანს კამპანიაში მონაწილეობა პარტიამ აუკრძალოს.
„მას შემდეგ რაც ის იყო ქართული სასამართლოს მიერ მხილებული და გასამართლებული, შესაბამისად ის ცდილობს რაღაცნაირად ეს აინაზღაუროს. ბუნებრივია ეს ყველაფერი „ქართულ ოცნებას" ძალიან არ აწყობს, იმიტომ რომ ჩახალიანს მთელი საქართველოს იცნობს და ის ერთგვარად სიმბოლოდაც იქცა ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებისა როგორც პირადად მისი, ასევე "ქართული ოცნებისა", რომელმაც პირადად გამოუშვა სამარცხვინოდ, ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ და ის ახლა რაღაც თავის მიზნებს ახორციელებს. მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ მას ძალიან სწრაფად გააჩერებენ იმიტომ, რომ მთლად ესეთი სულელებიც არ არიან "ქართულ ოცნებაში" რომ მას ღიად დასჭირდეთ ჩახალიანის მხარდაჭერა,“-განაცხადა გიორგი ბარამიძემ.
სეპარატისტი და აგრესიული პრორუსული ძალის წარმომადგენელი ვაჰაგნ ჩახალიანი ჯავახეთში სპეციალურად წინასაარჩევნოდ დაბრუნდა. ის უკვე ჩაერთო მმართველი გუნდის რჩეული კანდიდატის კამპანიაში. თავის დროზე სასამართლოსა და ქართული უნივერსიტეტის შეიარაღებული დარბევისთვის ნასამართლევი ჩახალიანი ახლა ადგილობრივ მოსახლოებას ორგვერდიანი წერილით მიმართავს, სადაც ის იმეორებს ზურაბიშვილის ანტითურქულ რიტორიკას. ასევე წინა ხელისუფლებას ადანაშაულებს ეთნიკური სომხების ჩაგვრაში და დევნაში.
ვაჰაგნ ჩახალიანის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ის სომხეთიდან საქართველოში 5 დღის წინ ჩამოვიდა. რაც შეეხება წერილს, ჩახალიანის ახლობლები ამბობენ, რომ ინფორმაცია არ აქვთ.