17 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
სეპარატისტი, მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი საქართველოშია - ვაჰაგან ჩახალიანი ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობს

სეპარატისტი, რომლის პოლიტიკური მიზანიც საქართველოსგან ჯავახეთის ჩამოშორებაა, სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერ კამპანიაში მონაწილეობს.  ხუთი წლის შემდეგ მოძრაობა "ჯავახკის" ლიდერი ვაჰაგან ჩახალიანი საქართველოში სწორედ „ოცნების" კანდიდატის მხარდასაჭერად დაბრუნდა. ის ახალქალაქში კარდაკარ დადის და ხალხს ზურაბიშვილისთვის ხმის მიცემას სთხოვს.

ვიდრე პირადად მივიდოდა, მოძრაობა ჯავახკის ლიდერმა მოსახლეობას წერილი გაუგზავნა და "ოცნების" კანდიდატის მხარდაჭერა მოსთხოვა. 2 გვერდიანი წერილით, რომელიც ახალქალაქსა და მიმდებარე სოფლებში დარიგდა ჩახალიანი ეთნიკურ შუღლს აღვივებს და ისევ სეპარატისტული ქვეტექსტით ხალხს ოცნების რჩეული კანდიდატის შემოხაზვას სთხოვს.

თავად ვაჰაგან ჩახალიანი "კურიერის" კამერას დაემალა. "ქართულ ოცნების" ადგილობრივ შტაბში კი ამბობენ, რომ ჩახალიანმა საკუთარი წერილი სოფლებში პირადი მანქანით დაარიგა, თუმცა საკუთარი ინიციატივით, ისე რომ ეს ოცნებასთან არ შეუთანხმებია. შტაბში ამბობენ, რომ დახმარებაზე უარს არავის ეუბნებიან.

პოლიტიკური ოპონენტები ფიქრობენ, რომ სეპარატისტად აღიარებული, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის გასამართლებული პირის მხარდაჭერას მმართველი პარტია საჯაროდ არასდროს აღიარებს.

ვაჰაგან ჩახალიანი 2008 წლის 21 ივლისს დააპატიმრეს და თავისუფლების 10 წლით აღკვეთა 2009 წლის აპრილში მიუსაჯეს. მას ბრალი იარაღის შენახვისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამრღვევის მასობრივი ღონისძიებების მოწყობის ბრალდებით წაუყენეს. ჩახალიანი წლების განმავლობაში რეგიონში სიტუაციის დესტაბილიზაცია ცდილობდა.

ვაჰაგან ჩახალიანი, "ქართლი ოცნების" ხელისუფლებამ 2013 წელს გაათავისუფლა. მან ციხე საყოველთაო ამნისტიის შედეგად დატოვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები