გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება.
გრიგოლ ვაშაძე კვირის აქცენტებთან საუბარში ამბობს, რომ ოფიციალურმა კიევმა სამხედრო მდგომარეობა გამოაცხადა, რაც ითვალისწინებს შესაბამისი უწყებების მიერ თავდაცვით პოზიციაზე გადასვლას.
„რაც შეეხება რუსეთის ფედერაციას, რუსეთის ფედერაცია ყველანაირად ცდილობს რომ ქერჩის ყურე და ყირიმის აკვატორია გადააქციოს თავისი ტერიტორიულ წყლებად. რა უნდა გიკვირდეს იმ ქვეყნისგან, რომლის ხელისუფლების მთავარი ბუნება არის იმპერიალიზმი,“ -განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ და აღნიშნა, რომ უკრაინამ ფრთხილი და მოზომილი გადაწყვეტილება მიიღო და მიმართა საერთაშორისო თანამეგობრობას.
კითხვაზე შესაძლებელი იყო თუ არა, რომ საქართველოსაც მიეღო მსგავსი გადაწყვეტილება და თავიან აეცილებინა 2008 წლის აგვისტოს ომი, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ ამისთვის საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, მაგრამ უშედეგოდ.
„ვიკილიქსში არის 135 ტელეგრამა, რომელიც მე მეხება პირადად და ჩემს საუბრებს შეერთებული შტატების მაშინდელ ელჩთან, ბატონ ჯონ ტაფტთან. თქვენ შეგიძლიათ, ნახოთ, რა ხდებოდა უკვე ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 2008 წლის 28, 29, 30 ივლისს და 1 აგვისტოს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისი თქმით, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი შენარჩუნებულია საქართველოს კონსტიტუციურ და საერთაშორისო არეალში და ეს გააკეთა სწორედ მაშინდელმა ხელისუფლებამ. გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, რუსულ სპეკულაციებია, რომ საქართველომ დაბომბა მძინარე ცხინვალი და მშვიდობიანი მოსახლეობა.