გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი იმ მექანიზმებზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც, გამარჯვების შემთხვევაში, 6-პუნქტიანი გეგმა განხორციელდება.
გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კანონის სრული დაცვით გამოცხადდება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელსაც ასევე მოიგებს გაერთიანებული ოპოზიცია და ის პარტიები, რომელებიც გაერთიანების წევრები არიან.
„საბოლოო რეზულტატი იქნება მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა, რაც აქამდე საქართველოში არ ყოფილა და ამის შემდეგ ეს უნდა გახდეს ტრადიცია. ჩემი ამ საპრეზიდენტო კამპანიაში ყოფნის მთავარი მიზანი და მიზეზი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ საქართველოში უნდა დამთავრდეს ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
კითხვაზე, მოსწონს თუ არა ეს გეგმა მიხეილ სააკაშვილს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მან ეს არ იცის, რადგან საქართველოს მესამე პრეზიდენტისთვის ეს არ უკითხავს.
„ეს ჩემი კამპანიაა,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
მისივე თქმით, შეიქმნება ეროვნული თანხმობის საბჭო. გრიგოლ ვაშაძე კონსტიტუციაზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ამ დრომდე არავინ მოინდომა შევარდნაძის დროს მიღებული კონსტიტუციის გარდაქმნა. გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს კონსტიტუციის ცვლილებით და, თუ კი სხვა ქვეყნებმა შეძლეს, რომ ჰყოლოდათ კოალიციური მთავრობა, ამას შეძლებს საქართველოც.
გრიგოლ ვაშაძემ საარჩევნო პროცესებში შესატან ცვლილებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მხოლოდ პროპორციული სიებით ჩატარდეს. ასევე მოგვარდეს საარჩევნო სიების საკითხი და ემიგრანტებს ჰქონდეთ საშუალება ელექტრონულად ხმის მიცემის.
„არავითარი მაჟორიტარები იმიტომ, რომ მაჟორიტარები ქვეყანაში ხდებიან ენზელ მკოიანები," - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
რა მოხდება მაშინ, თუ ქართული ოცნება გააყალბებს არჩევნებს, გრიგოლ ვაშაძე აცხადებს, რომ მათ პასუხს გასცემს ხალხი.
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი ამბობს, რომ ყველა მონაცემებით, ის არის გამარჯვებული.
რაც შეეხება 6-პუნქტიანი გეგმის მე-3 ნაწილს, რომელიც სასამართლო რეფორმას გულისხმობს, გრიგოლ ვაშაძე ამბობს, რომ მისთვის მიუღებელი იყო ის, რაც ხდებოდა ნაციონალური მოძრაობის დროს სასამართლოში.
შეგახსენებთ, გაერთიანებული ოპოზიციის 6-პუნქტიანი გეგმა ასეთია:
1. კოალიციური მთავრობა;
2. საარჩევნო სისტემის რეფორმა;
3. სასამართლოს რეფორმა;
4. კორუფციის და ნეპოტიზმის აღმოფხვრა;
5. ბრძოლა სიღარიბესთან;
6. საბანკო სისტემის რეფორმა.