02 ივლისი 2024,   11:00
ვრცლად
ღია თავდასხმა უკრაინაზე - ევროპარლამენტარები ქერჩის სრუტეში მომხდარი აგრესიის გამო რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებას გეგმავენ

ღია თავდასხმა უკრაინაზე - ასე აფასებენ ევროპარლამენტარები ქერჩის სრუტეში, რუსული სპეცდანიშნულების რაზმის მიერ, უკრაინულ ხომალდებზე თავდასხმას.

ევრომაიდნის მოვლენებთან დაკავშირებით ევროპარლამენტში გახსნილ გამოფენაზე ევროპელი დეპუტატები სიტყვით გამოვიდნენ და კიდევ ერთხელ დაუჭირეს მხარი უკრაინას. პარლამენტარების აზრით, ახალი სანქციები რუსეთისათვის ადეკვატური ნაბიჯი იქნება. პოლიტიკოსები თვლიან, რომ ვლადიმერ პუტინს შავი ზღვის აკვატორიის სრული კონტროლი სურს და თვლიან რომ ამ ვითარებაში ნატომ რეგიონში თავისი ყოფნა უნდა გააძლიეროს.

„მანამდე სანამ ჩანს, თითქოს დასავლეთი არ არის რეალურად ჩართული ყირიმის, ასევე შავი ზღვის უსაფრთხოებისა და მილიტარიზაციის საკითხებში, ვლადიმერ პუტინი შეეცდება შეამოწმოს თუ რამდენად შორის შეუძლია წასვლა. დასავლეთმა რეაგირება უნდა მოახდინოს როგორც სანქციებს გზით, ასევე შავი ზღვის რეგიონში ნატოს გაძლიერებული ყოფნის ორგანიზებით.

ალიანსმა ცხადად უნდა თქვას, რომ  მიუღებელია, რუსეთის მიერ შავი ზღვის რეგიონის მსგავსი მილიტარიზაცია. თუკი რუსეთი ამ სტრატეგიას არ შეაჩერებს, ნატოს პასუხი რეგიონში სამხედრო ყოფნის გაძლიერება იქნება, არა მხოლოდ უკრაინისა და საქათველოს, არამედ მთელი რეგიონის უსაფრთხოებისთვის“-აცხადებს ევროპარლამენტარი რებეკა ჰარმსი.

ევროპარლამენტის დეპუტატი ჩეხეთიდან, ევროპის სახალხო პარტიის წარმომადგენელი  იარომირ შტეტინა კი ამბობს, რომ არსებობდა ინფორმაცია რუსეთის მხრიდან კონფლიქტური სიტუაციის შექმნის შესახებ. მისი თქმით, რუსეთის მთავარი მიზანი აზოვისა და შავი ზღვების კონტროლია.

„ბოლოს მარიუპოლში სექტემბერში ვიმყოფებოდი. უკვე მაშინ ჯარისკაცები გვაფრთხილებდნენ რომ იქნება პროვოკაციები. რუსეთი შექმნის ვითარებას, როდესაც უკრაინაზე თავდასხმა იქნება შესაძლებელი. რუსეთის მიზანია აკონტროლოს მთელი აზოვის ზღვა და შავი ზღვის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ რეგიონები, რომლებიც სტრატეგიულ ტერიტორიებს წარმოადგენს. ახლა საჭიროა ევროსაბჭომ მიიღოს მტკიცე პოზიცია.

ვფიქრობ, უკვე დროა დარდანელის და ბოსფორის გავლით შავ ზღვაში ამერიკული კრეისერები შემოვიდეს. თუკი ჩვენ წინააღმდეგობას არ გავუწევთ პუტინის ქმედებებს, მან შესაძლოა ბალტიისპირეთის ქვეყნებში გააგრძელოს. რუსეთის ეს იმპერიული პოლიტიკა უნდა შევაჩეროთ,“-ამბობს ევროპარლამენტარი ჩეხეთიდან იარომირ შტეტინა.

დღის ამბები