საბავშვო ბაღების თანამშრომლებზე პოლიტიკური ნიშნით ზეწოლა გრძელდება - თბილისის 50-ე ბაგა-ბაღიდან ამჯერად უკვე ის აღმზრდელები გაუშვეს, რომლებმაც „ქართული ოცნებისა“ და სალომე ზურაბიშვილის სასარგებლოდ წინასაარჩევნო აგიტაციაში ჩართვაზე უარი თქვეს. რამდენიმე კვირის წინ ამავე ბაღიდან და იმავე მიზეზით დირექტორიც გაათავისუფლეს.
ბაღიდან გათავისუფლებული თანამშრომლები ამტკიცებენ, რომ ისინი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს.
„მე ამას ვუკავშირებ ბაღის გამგე გაათავისუფლეს ჩვენ მას რიად მხარი დავუჭირეთ, როგორც მისი გათავისუფლება იყო პოლიტიკური ასევე მოხდა ჩემი და კიდევ ერთი თანამშრომლის გათავისუფლება.
იყო სიებზე საუბარი, მე დირექტორმა ძალა არ დამატანა არ დამავალდებულა, არ მიმითითა ვისთვის უნდა მიმეცა ხმა, ამის გამო ვფიქრობ ისიც ჩათვალეთ სხვა პოლიტიკური ორიენტაციის მქონედ და ასევე ჩვენც“-ამბობს #50-ე ბაგა-ბაღიდან გათავისუფლებული პედაგოგი თამუნა ასანიძე.
”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის თენგო გიორგაძის განცხადებით, არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ბაღის თანამშრომლების გათავისუფლება არის სხვა თანამშრომლებზე ზეწოლის იარაღი, რომ თუ ისინი სახელისუფლებლო კანდიდატს მხარს არ დაუჭერენ სამსახურს ისინიც დატოვებენ.
არასამთავრობო ორგანიზაციის ”სკოლამდელები - ჩვენი მომავალი” დამფუძნებელი ინგა გუგავა კი ამბობს, რომ თანამშრომელთა გათავისუფლება წესდების დარღვევით ხდება და ამით სხვა თანამშრომლებსაც უზღუდავენ საკუთარი აზრისა და არჩევანის დაფიქსირებას.
გუგავას განცხადებით, არჩევნების შემდეგ მათი ინფორმაციით, ოპოზიციის მხარდამჭერთა მასობრივი გათავისუფლება დაიწყება.
„მინდა გავაჟღერო თქვენი ეთერიდანაც, რომ როგორც კი არჩევნები დამთავრდება და ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, განხორციელდება მასშტაბური ქმედებები არ იქნება ეს მხოლოდ დირექტორების დონეზე, განხორციელდება იმ ადამიანების გათავისუფლება, რომლებსაც თუნდაც ჩურჩულით გამოუთქვამს ოპოზიციის მხარდამჭერი სიტყვა“-ამბობს გუგავა.
ბაგა-ბაღის თანამშრომელთა გათავისუფლების მიზეზებზე არ საუბრობს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი. მეგი გვრიტიშვილის თქმით, ყველა ყოფილ თანამშრომელს შეუძლია სასამართლოს მიმართოს.
50-ე ბაგა-ბაღში დღეს აღმზრდელობითი პროცესი შეწყვეტილია, როგორც თანამშრომლები ამბობენ, მიზეზი არჩევნების წინა დღის სანიტარულ დღედ გამოცხადებაა.