ე.წ. ხორავას ქუჩის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოწმის სახით მერაბ მორჩაძეს დაკითხავს. შუამდგომლობა დღევანდელ პროცესზე საქმეში ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატმა დააყენა. უფლებადამცველი ინტერესდება, რა შეხება ჰქონდა მოწმეების ზემოქმედებაში დადანაშაულებულ მორჩაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფთან.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მორჩაძეს დავით სარალიძის და ლევან დადუნაშვილის საქმის მოწმეების მოსყიდვის ბრალდებით 8 ივნისს დააკავა, თუმცა მოწმეების მოსყიდვის ფაქტი სასამართლომ ვერ დაადასტურა და მორჩაძე 5 თვიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლა.
სასამართლომ მერაბ მორჩაძე მოწმეებზე ზემოქმედების ნაწილში დამნაშავედ სცნო და ორწლიანი პირობით სასჯელი დააკისრა.
დღევანდელ პროცესს ზაზა სარალიძეც ესწრებოდა. მას პრეტენზიები პროკურორთან ჰქონდა.
„პროკურორები არიან ჩემი უფლებაწარმომადგენლები, ხომ ასეა, ხომ არ ვცდები რამეში? ადამიანი გამოდის, ზედაც არ მიყურებს. აგრძელებს გზას ჩვეულებრივად. მივდივარ ვეკითხები რაღაცეებს და ვერ ვგებულობ ვერაფერს. მემალებიან. ეს ქალი კიდევ ვინ არის ვერ გავიგე. სააპელაციოში რომ გასაჩივრდა და ახალი პროკურორი რომ დაინიშნა სულ სხვა პროკურორი იყო, ახლა კიდევ სხვა არის, ალბათ მერე კიდევ შეცვლიან. ასე თამაშობენ და დახტიან აქეთ იქით თავსი ჭკუაზე,"-განაცხადა ზაზა სარალიძემ.