"ეროვნულ დემოკრატიული" პარტიის მთავარი კომიტეტი ამომრჩეველს მიმართავს. პარტიის ლიდერები საგანგებო განცხადებას ავრცელებენ.
ისინი მიმართავენ საქართველოს მოქალაქეებს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, გააკეთონ სწორი არჩევანი და მხარი დაუჭირონ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს.
“თითოეულ ეროვნულ-დემოკრატს, მოუწევს არჩევანის გაკეთება არა სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის, არამედ ეს იქნება არჩევანი იმპერიალისტურ, ოკუპანტ რუსეთსა და განვითარებულ დასავლეთს შორის. ეს არ არის არჩევანი პიროვნულ სიმპათია-ანტიპათიაზე, არამედ გავაკეთოთ არჩევანი იმ იდეალების მიხედვით, რისთვისაც გვიბრძოლია, აგერ უკვე, 30 წელზე მეტია და რისთვისაც იბრძოდნენ ერთი საუკუნის წინ ჩვენი პოლიტიკური წინაპრები. სამწუხაროდ, ეს ბრძოლა არ დასრულებულა... ჩვენ არ გვაქვს უფლება, ამ იდეალების ღალატის, მის პერსონალიებზე დახურდავებისა და რუსულ პროპაგანდისტულ ანკესზე წამოგების; ჩვენ არ გვაქვს უფლება ბრძოლის მიტოვების, რადგან თუ დღეს არ გავაკეთეთ სწორი არჩევანი, ხვალ მომავალი თაობების წინაშე მოგვიწევს პასუხისმგებლობა! მოგმართავთ თითოეულ ეროვნულ-დემოკრატს, გააკეთეთ გააზრებული არჩევანი და მოვიახლოვოთ ქართველი ერის გამარჯვება ზუსტად ისე, როგორც ამას ვაკეთებდით 1988 წლის ნოემბერში, როგორც ამას ვაკეთებდით 9 აპრილს, როგორც ამას ვაკეთებდით აფხაზეთსა და ცხინვალში! შეგახსენებთ, გია ჭანტურიას სიტყვებს - „საქართველო ჩემთვის წინ გახედვა და პროგრესისათვის ბრძოლაა!“ ჩვენც გავიხედოთ წინ და არჩევანი გავაკეთოთ ცივი გონებით - არა მეჩითოვის, ძასოხოვის თუ ჩახალიანის სასარგებლოდ, არამედ იმ საქართველოსთვის, რომელი საქართველოსთვისაც იბრძოდა ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი და სპირიდონ კედია! რომელი საქართველოსთვისაც ტყვია ესროლეს გია ჭანტურიას! ეს არჩევანი გვიდგას 28 ნოემბერს! ძალა ერთობაშია ! დავუდგეთ გვერდით გაერთიანებულ ოპოზიციას და მის კანდიდატს გრიგოლ ვაშაძეს!,“-ნათქვამია განცხადებაში