ცესკო-ს ბოლო მონაცემებით ამომრჩევლების აქტივობა იზრდება. ამ ეტაპისთვის საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა 38.8 %-მა, რაც არის 1 300 000-ზე მეტი ამომრჩეველი. პირველ ტურში აქტივობა ამ დროისთვის გაცილებით ნაკლები იყო.
რაც შეეხება დარღვევებს, ცესკო-ში არ ადასტურებენ ინფორმაციას, რომ გლდანის რაიონის საარჩევნო უბნებზე ადგილი ჰქონდა საუბნო კომისიის წევრების გარეთ გასვლას.
ცესკო გამოეხმაურა საია-ს ინფორმაციას, რომ საარჩევნო უბანზე "ქართული ოცნების" დეპუტატი შოთა ხაბარელი დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა.
„იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული წარმოადგენდა კანონდარღვევას მას აკრედიტაცია გაუუქმდა,“-განაცხადა ცესკო-ს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.
რაც შეეხება აბაშაში დაფიქსირებულ დარღვევას, როდესაც საარჩევნო კაბინაში მოქალაქეს "ქართული ოცნების" საკრებულოს დეპუტატი შეჰყვა, ცესკო-ში ამბობენ, რომ აღნიშნული დეპუტატი იმყოფებოდა ხმის მისაცემად რა დროსაც მას ხანდაზმულმა მოქალაქემ დახმარება სთხოვა.