გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, დავით ჯანდიერი, იმ ტენდენციებზე საუბრობს, რომელიც არჩევნების მეორე ტურში გამოიკვეთა.
დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ დაფიქსირდა რამდენიმე სახის დარღვევა, რომელიც არის არა ინციდენტური, არამედ ტენდენციური ხასიათის, მათ შორის ის ასახელებს ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას.
„ხდება კონკრეტულ მესამე პირებთან ერთად არჩევანის გაკეთება. ანუ სხვა პირი აკონტროლებს, თუ ვის მისცა კონკრეტულმა ამომრჩეველმა ხმა,“ - განაცხადა დავით ჯანდიერმა და აღნიშნა, რომ ასეთ დარღვევებზე რეაგირების კომპეტენცია აკისრია კონკრეტული უბნის თავმჯდომარეს, რაც არ ხდება.
მისივე თქმით, ადგილი ჰქონდა არაერთ შემთხვევას, როდესაც მოხდა ამომრჩევლის მოსყიდვას. გარდა ამისა, დავით ჯანდიერის თქმით, დარღვევები დაფიქსირდა გადასატანი ყუთით ხმის მიცემასთან დაკავშირებით, როცა კომისიის წევრი მოქალაქეს პირდაპირ მიუთითებდა, ვინ უნდა შემოეხაზა.
დავით ჯანდიერი აცხადებს, რომ კარგი იქნებოდა შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესთან. ამ შემთხვევაში იქნებოდა საშუალება, თამარ ჟვანიასთვის კონკრეტული მტკიცებულებები გადაეცა.