სოფელი ბეჟანოს სკოლაში, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული, ამომრჩეველი ღია წესით აძლევს ხმას.
უმეტეს შემთხვევაში მოქალაქეებს საარჩევნო კაბინიდან გამოაქვთ გახსნილი ბიულეტენი ისე, რომ მათ მიერ შემოხაზული კანდიდატი კარგად გამოჩნდეს. საარჩევნო ყუთთან კი ზის კომისიის ერთ-ერთი წარმომადგენელი. სწორედ მას ანახებენ ამომრჩევლები ღია ბიულეტენს, შემდეგ კი დებენ კონვერტში და ერთად აგდებენ საარჩევნო ყუთში.
ვიდეომასალა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გადაიღეს.
„ჩემს ვიდეოში ჩანს ყუთთან მჯდარი კომისიის წევრი, როგორ ათავსებს ბიულეტენს კონვერტს ამომრჩევლის მაგივრად და ამოწმებს, რა შემოხაზა და შემდეგ თავადვე აგდებს. მაგრამ მთელი პრობლემა არის ის, რომ რა საჩივარიც არ უნდა დაიწეროს, მთელი დღის განმავლობაში დარღვევები მიმდინარეობს. საჩივრებს ვწერ, მაგრამ ჩემს საჩივრებს კომისიის თავმჯდომარე არ იღებს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა დამკვირვებელმა, მარიამ ხიჩაკაძემ.
ანალოგიურ ფაქტს კურიერის ჟურნალისტიც შეესწრო.
მიუხედავად იმისა, რომ კურიერის კამერამ ფაქტი დააფიქსირა, კომისიის წევრმა კატეგორიულად უარყო, რომ მას ამომრჩეველო ბიულეტენს უჩვენებდა.
გარდა ამისა, კურიერის ჟურნალისტმა დააფიქსირა სია, რომელიც საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეს ჰქონდა და სადაც ეწერა, ვინ იყო მომხრე და ვინ წინააღმდეგი. კითხვაზე, თუ რა სია იყო ეს, კომისიის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ მას ქართული არ ესმის.
საბოლოოდ კი გაირკვა, რომ ამ ქალბატონმა ქართული კარგად იცოდა, რადგან მან სწორედ ქართულ ენაზე შეადგინა ოქმი.
მას შემდეგ, რაც არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა დარღვევებთან დაკავშირებით არაერთხელ მიმართა საარჩევნო უბნის თავმჯდომარეს, მან ჩაიბარა საჩივარი და სანაცვლოდ გასცა ოქმი ყოველგვარი ხელმოწერისა და ბეჭდის გარეშე.