ე.წ. ძველი ბიჭები, რომლებიც დღეს ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა საარჩევნო უბანთან იდგნენ - კრიმინალური მენტალიტეტის მქონე პირებით დაკომპლექტებული ჯგუფები უბანზე მისულ ამომრჩეველს ხელისუფლების მხარდაჭერილი კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდნენ. მათი ნაწილი უბნებზე ამომრჩევლის მობილიზებას აკონტროლებდა და მისულ ადამიანებს ითვლიდა.
ასეთი შემთხვევა "კურიერის" გადამღებმა ჯგუფმა დღის ბოლოს გლდანში მე-19 და მე-20 საარჩევნო უბნებზე დააფიქსირა.
ძველი ბიჭები განსაკუთრებით აქტიურობდნენ დღეს ვაკეში. მათი ნაწილი არ მალავდა, რომ საარჩევნო უბნებზე კონკრეტული მიზნით მივიდა.
ძველ ბიჭებთან ერთად ყველაზე დიდი რაოდენობით საარჩევნო უბნებზე დღეს „ქართული ოცნების“ კოორდინატორები იყვნენ მობილიზებულები. ყველა მათგანს თან ჰქონდა ფოტოსურათიანი სიები, სადაც ამომრჩევლის პირადი მონაცემებიც იყო. სწორედ ამ სიების მიხედვით, ურეკავდნენ ამომრჩევლებს და ამოწმებდნენ, მისცა თუ არა ხმა. სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კოორდინატორები ადასტურებდნენ, რომ მათ ხელფასს "ქართული ოცნება" უხდის.
მოქალაქეების დაშინებას იარაღით ცდილობდნენ კახეთში. თელავში ადგილობრივი კრიმინალური ავტორიტეტებმა ოპოზიციის მხარდამჭერების გამოჩენის შემდეგ იარაღი ისროლეს.
"ოცნების" კოორდინატორები ამომრჩეველთა სიებით იყვნენ მობილიზებულები თითქმის ყველა რეგიონში, რომლებიც მედიის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა.