ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიიდან ერთი წლის შემდეგ ზაზა სარალიძე, მხარდამჭერებთან ერთად, მსვლელობით რუსთაველის გამზირიდან მკვლელობის ადგილზე მივიდა. სარალიძესთან ერთად მალხაზ მაჩალიკაშვილი და ელისო კილაძეც იმყოფებოდნენ.
შვილმოკლული მამა მოზარდების მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
ზაზა სარალიძეს ისევ არ აქვს პასუხი მთავარ შეკითხვაზე, ვინ მოკლა მისი 15 წლის შვილი.
უკვე თითქმის 3 თვეა, დავით სარალიძის მამა, პანკისში მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან ერთდ, პარლამენტის შენობის წინ პერმანენტულ აქციას მართავს.
„ამ ერთი წლის განმავლობაში ძალოვანი უწყებიდან და ხელისუფლებიდან ტალახის სროლის მეტი არაფერი მიმიღია. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ის ადამიანები, ჩემი შვილის მკვლელებზე მაქვს საუბარი, ის პროკურორები, რომლებმაც ეს საქმე გააყალბეს და ეს გამომძიებლები, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები ამ საქმის გაყალბებაში, აუცილებლად იმსხვერპლებს კიდევ ვინმეს,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.
ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის ოჯახს მსვლელობაში მონაწილეობა არ მიუღია, თუმცა, ტრაგედიის ადგილზე მივიდა. მათი თქმით, გამძიების პროცესში ხარვეზები დაფიქსირდა და აუცილებელია, რომ ის დროულად გამოსწორდეს.
„ეს არის უზარმაზარი ტრაგედია ჩვენი ოჯახისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ ბავშვი იყო აბსოლუტურად უდანაშაულო, მას არანაირი კავშირი კონფლიქტთან არ ჰქონდა, არც სკოლის კედლებში, არც ქუჩაში. ეს არის აბსოლუტურად შემთხვევითი მსხვერპლი,“ - განაცხადა ლევან დადუნაშვილის დეიდამ, თამრიკო საყვარელიძემ.