ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით რუსთაველის გამზირზე მიმდინარე გაერთიანებული ოპოზიციის აქცია დასრულებულია. ოპოზიციის ლიდერები რამდენიმე საათის განმავლობაში მიმართავდნენ სიტყვით მხარდამჭერებს. როგორც გაერთიანების ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ აღნიშნა, ხელისუფლებას ოპოზიციამ შესთავაზა ოპტიმალური გეგმა, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღებია. პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის იურისტები არჩევნების შედეგების ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლოს მიმართავენ.
„ჩვენი იურისტები მუშაობენ იმაზე, რომ შევიტანოთ სარჩელი სასამართლოში. რაც შეეხება ჩვენს გეგმებს, შევთავაზეთ ხელისუფლებას თანამშრომლობა, რომ უაზრო ყველასთვის დამაზიანებელ და დამანგრეველ პოლიტიკური კრიზისიდან გამოვიდეთ ერთად. ცალ- ცალკე ვერ გამოვალთ. მთელი ჩემი ცხოვრება ვიმეორებ, რომ ქართველები უნდა ვიყოთ ერთად. იმიტომ, რომ ცალ-ცალკე ვერ ნატო-ში შევალთ, ვერ ევროპაში შევალთ და ვერ ნორმალურ სახელმწიფოს ავაშენებთ. შევთავაზეთ სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველა პოლიტიკური ძალისთვის იქნება სასარგებლო,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლება ვადა 16 დეკემბრამდე მისცა. გიორგი ვაშაძე ამბობს რომ ოპოზიცია მზად არის მოლაპარაკებებისთვის ყველა იმ პუნქტებზე, რომელიც აქციაზე იქნა წარმოდგენილი.
გაერთიანებულ ოპოზიციაში ამბობენ, რომ ხელისუფლებას მოუწევს დათმობაზე წასვლა.
„დარწმუნებული, ვარ რომ ხელისუფლებას მოუწევს ამ დათმობაზე წამოსვლა. ერთი რომ მათ იციან რომ ეს არჩევნები აქვთ მიტაცებული. გაერთიანებული ოპოზიცია არ აღიარებს შედეგებს და არც აპირებს. არც ერთ ხელისუფლებას არასოდეს არ შერჩენია ხალხთან დაპირისპირება,“-განაცხადა ნიკა მელიამ.
გაერთიანებულ ოპოზიციაში აცხადებენ რომ მათი ქმედება კონსტიტუციურ საზღვრებს არ გასცდება.
„ძალიან მარტივი მოთხოვნაა. მოთხოვნა არის პოლიტიკური ხასიათის. ჩვენ ვამბობთ, რომ დავჯდეთ საარჩევნო კოდექსი, ორგანული კანონი, რომელიც ხელისუფლების ორგანიზაციის წესს განსაზღვრავს შევცვალოთ. ისევე როგორც არის შეცვლილი და გაკეთებულია ძირითადად იმ ქვეყნებში სადაც წარმატებულია ქვეყნები,“-განაცხადა მურმან დუმბაძემ.