ორკვირიანი ვადა ხელისუფლებას - გაერთიანებული ოპოზიცია ვადამდელ საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვს, თუმცა მოთხოვნების ჩამონათვალში საარჩევნო კოდექსში ცვლილებებიც შედის, რომელიც არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას გულისხმობს.
პარალელურად, გაერთიანებული ოპოზიციის იურისტები მუშაობენ იმაზე, რომ გამოვლენილი დარღვევების, ზეწოლის, მოსყიდვისა და გაყალბების ფაქტებზე დაყრდნობით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები ბათილად იყოს ცნობილი.
ოპოზიცია აცხადებს, რომ საქართველოში პოლიტიკური კრიზისია და თუ ამ ვითარებიდან ქვეყანამ გამოსავალი ვერ იპოვა, მის დემოკრატიულ და არა მარტო დემოკრატიულ განვითარებას სერიოზული საფრთხე ემუქრება.
საკუთარი მოთხოვნები გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს რუსთაველის გამზირზე გამართულ მიტინგზე, ათასობით ადამიანის წინაშე გააჟღერა. აქციაზე skype-ით ჩაერთო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, რომელმაც აღნიშნა, რომ გაერთიანებული ოპოზიციის გეგმებს იზიარებს და ხალხის სურვილის და დაძახების შემთხვევაში ის მზად არის საქართველოში ჩამოვიდეს.