17 ნოემბერი 2024,   06:52
ვრცლად
პოლიტიკური დევნა, რომელიც ზუგდიდის სკოლის დირექტორს სავარაუდოდ, ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა - ია კერზაია კლინიკაშია გადაყვანილი

პოლიტიკური დევნა, რომელიც დაზარალებულს სავარაუდოდ, ჯანმრთელობის ფასად დაუჯდა - ზუგდიდს მეექვსე სკოლის დირექტორი ია კერზაია ინსულტის მძიმე ფორმით, ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში რამდენიმე საათის წინ გადაიყვანეს. „რა, სად, როდის“ ვეტერანი წევრის და გუნდის კაპიტნის, ბაჩანა შენგელიას დედა ამ წუთებში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ბაჩანა შენგელაია დედის ჯანმრთელობის მდგომარეობის უკიდურეს დამძიმებაში „ქართულ ოცნებას“ ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორი პოლიტიკური დევნის მსხვერპლი გახდა.

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით მას შემდეგ, რაც მისმა დედამ სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმაზე უარი განაცხადა, მის წინააღმდეგ მიზანმიმართული დევნა დაიწყო. გუშინ კი ია კერზაია რაიონულ რესურს-ცენტრში დაიბარეს. ზეწოლის შემდეგ ნერვულობის ნიადაგზე, ია კერზაიას ანევრიზმა გაუსკდა და ტვინში სისხლი ჩაექცა. მას ახლა სასწრაფო ოპერაცია ესაჭიროება.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებაზე ია კერზაიამ „რუსთავი ორთან“ რამდენიმე დღის წინ თავად ისაუბრა. მას შემდეგ, რაც დირექტორმა პედაგოგების საარჩევნო პროცესში უკანონოდ ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე გენ. ინსპექციამ თბილისიდან ზუგდიდში ორი თანამშრომელი გაგზავნა და მეექვსე სკოლის შემოწმება დაავალა. შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ოფიციალური ინფორმაციით სწორედ ამ მოტივით უპირებდნენ ზუგდიდის მეექვსე სკოლის დირექტორს პოსტიდან დათხოვნას, პირად საუბარში კი ია კერზაიას აუხსნეს რომ რეალური მიზეზი სალომე ზურაბიშვილის კამპანიისთვის მხარის არ დაჭერა იყო.

პოლიტიკურ ანგარიშსწორებას გამორიცხავენ ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრში. 

ავტორი: რუსუდან გიორგაძე.

დღის ამბები