"პოსტსკრიპტუმი" უკიდურესად გაჭირვებული ოჯახების სახლებში. კაპანაძეები კარბში ცხოვრობენ, მათი ეზოდან ოკუპირებული ტერიტორია მოსჩანს. ამ სოფელში მათი სახლი ალბათ ყველაზე შელახული სახლია. კედლებიდან ქვები ცვივა, მხოლოდ ორი ოთახია საცხოვრებლად ვარგისი, იქაც იატაკის მაგივრად მიწაა და ჭერიდან წყალი ჩამოდის. ოჯახში 4 მცირეწლოვანი ცხოვრობს.
ოჯახი სოციალურ დახმარებას იღებს, მაგრამ 7-სულიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის. დედა და ბავშვები მეორე ოთახში ცხოვრობენ. ღამე საწოლის ერთი მხრიდან ქვები ცვივა, მეორე მხარეს კი წვიმა ჩამოდის.
4 შვილის დედა, ირმა 32 წლის არის. 5 წლის ასაკში დაობლდა, საკუთარი ბავშვობა ცუდად ახსენდება, ოცნებობდა შვილებს მაინც არ ეცხოვრათ გაჭირვებაში, მაგრამ ამას ვერ ახერხებს.
სახლის თაობაზე არაერთხელ მიმართეს გამგეობას. ირმა ამბობს, რომ ავარიულობა ექსპერტმაც შეაფასა და დაადგინა, რომ რეაბილიტაცია ვეღარ მოხდება, იმდენად დაზიანებულია, რომ უდნა დაინგრეს და ახალი აშენდეს. გამგეობაში ამბობენ, რომ სახლის აშენება ან შეკეთების პროგრამა არ გააჩნიათ და მომართვის შემთხვევაში, კომისია განიხილავს გაიყვანენ თუ არა ქირით ოჯახს.
კიდევ ერთი უკიდურესად გაჭირვებული ოჯახი ბანცურაძეების ოჯახია, რომელსაც სოციალური დახმარება ერთ წლის წინ მოუხსნეს. მათ სახლში ისევე ცივა და წვიმს როგორც გარეთ. ოჯახი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის 100 ლარიან დახმარებას იღებს, თუმცა ის არაფერში არ ჰყოფნის. ოჯახია ქონება შარშან მაღალი ქულით შეფასდა და ამიტომ დახმარება შეუწყვიტეს, წელს ქულა მიანიჭეს, მაგრამ დეკემბრიდან ოჯახი 120-ის ნაცვლად 80 ლარს მიიღებს. სოციალურ სააგენტოში განმარტავენ, რომ დახმარების შემცირების მიზეზი შშმ პირის 100 ლარიანი პენსიაა.