მარნეულში მცხოვრები მუსლიმი თემის სულიერი ლიდერი, 30 დღიანი პატიმრობის შემდეგ ბაქოდან საქართველოში დაბრუნდა.
მირთაგ ასადოვს აეროპორტში ახლობლები და გულშემატკივრები დახვდნენ. მედიასთან მან დაკავების დეტალები გაიხსენა და ბაქოში, პოლიცის მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე გაამახვილა ყურადღება.
ასადოვი არ გამორიცხავს, რომ მისი დაკავების უკან საქართველოს ხელისუფლება იდგეს, მიზეზი კი მისი მხრიდან "ქართული ოცნების" ხშირი კრიტიკაა. მისივე განცხადებით, ამ ეჭვებს ის ფაქტიც ამყარებს, რომ საქართველოს არც ერთ უწყებას საქმეზე რეაგირება არ მოუხდენია.
მომხდარის გასაჩივრებას უახლოეს პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გეგმავს.
„7 ნოემბერს გადავკვეთე წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, რის შემდეგაც აზერბაიჯანის სასაზღვრო პოლიციამ დამაკავა. ჩამომართვეს ჩანთა, ტელეფონი და ბაქოში გადამიყვანეს. სამართალდამცველებს არ უთქვამთ რა მიზეზით დამაკავეს. ვითხოვდი საქართველოს საელჩოს წარმომადგენელთან შეხვედრას, თუმცა ათი დღის განმავლობაში არც ოჯახის წევრებს და არც ადვოკატს შემახვედრეს. სათანადო გამოხმაურება არ ყოფილა საქართველოს შინაგან და საგარეო საქმეთა სამინისტროების მხრიდან, რაც მიძლიერებს ეჭვს, რომ ჩემი დაკავება მიზანმიმართულად მოხდა. ყველაფერზე დეტალურად რამდენიმე დღეში, პრესკონფერენციაზე ვისაუბრებ. ამ საქმესთან დაკავშირებით ბრძოლას გავაგრძელებ და საჩივარს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც შევიტან,”-განაცხადა მუსლიმი თემის სულიერი ლიდერმა მირთაგ ასადოვმა.