საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ქვეყნის ხელისუფლებას ოპოზიციასთან დიალოგისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. გიორგი მარგველაშვილი მზადაა მისი უფლებამოსილების ამოწურვამდე ამ დიალოგის მედიატორის ფუნქციაც იტვირთოს.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა გააკეთა. მისი თქმით, პრეზიდენტი ხაზს უსვამს იმას, რომ ამ ვითარებაში პოლიტიკური დიალოგი არის უმნიშვნელოვანესი.
„საქართველოს პრეზიდენტი არაერთხელ მისი პრეზიდენტობის ვადაში და კიდევ ერთხელ ახლა მისი პრეზიდენტობის ვადის მიწურულს გამოვიდა ინიციატივით, რომ შემდგარიყო დიალოგი ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის. პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას საქართველოს პრეზიდენტი ყოველთვის ხაზს უსვამდა. ცხადია ეს იყო მისი ვალდებულება, ეს არის მისი ვალდებულება და თავადაც მზად იყო და მზად არის პოლიტიკურ და ინსტიტუციურ ჩართულობის მთელს ამ პროცესში,“-განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პროპორციულ წესით ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხელისუფლებას მოლაპარაკებათა მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა, რაზეც ხელისუფლებამ უარი განაცხადა.